ძვირფასო სტუმარო, გვინდა ჩვენი სამრევლოს სახელით შეგახსენოთ, რომ ეს გვერდი გამოხატავს ირლანდიაში არსებული წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული სამრევლოს ოფიციალურ შეხედულებებს.
ჩვენი სამრევლოს მოკლე ისტორია:
2006 წელს ღვთის განგებითა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით და დას
ავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი აბრაამის (გარმელია) ხელმძღვანელობით ქალაქ დუბლინში, დაარსდა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული სამრევლო და მის პირველ წინამძღვრად მაღალღირსი დეკანოზი მალხაზი (კუმელაშვილი) იქნა მოვლინებული, რომელმაც 2009 წლის სექტემბრამდე დაჰყო ირლანდიაში. სწორედ დეკანოზი მალხაზის მეცადინეობით და იმ ჟამად ირლანდიის ლათინური წესის კათოლიკური ეკლესიის პრიმასის, დუბლინის მთავარეპისკოპისის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დერმუდ მარტინის ლოცვა კურთხევით მოხდა დომინიკელი ორდენის კაბრას მონასტერში არსებული პონტიფიკალური ტაძრის სამრევლოსთვის დათმობა, სადაც სამრევლომ იფუნქციონირა 2010 წლის ზაფხულამდე. სწორედ ამ პერიოდში სამრევლოში ჩამოყალიბდა მგალობელთა გუნდი, საკვირაო სკოლა, ბავშთა ქორეოგრაფიული სტუდია, ბავშვთა სიმღერის ანსამბლი. ამ და სხვა აქტივობების გამო სამრევლო ირლანდიაში მცხოვრები ქართული თემის გულად გადაიქცა. დეკანოზი მალხაზი ემსახურებოდა ირლანდიის სხვა ქალაქების: კორკის, გოლვეის და ა.შ. მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლს და მათ სულიერ საჭიროებებს.
2009 წელს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინების საფუძველზე, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კუნძულები და იქ არსებული სამრევლოები დაექვემდებარა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის საეპისკოპოსო კათედრას, რომლის მწყემსთავარიც დღემდე არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარესპისკოპოსი ზენონი.
მთავარეპისკოპოსი ზენონის კურთხევით 2009 წლის სექტემბრიდან წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა მაღალღირსი იღუმენი იაკობი (მელაძე), რომელმაც სავიზო შეზღუდვების გამო, მხოლოდ 2010 წლის მარტში მოახერხა სამრევლოში ჩამოსვლა და სამრევლოში დაჰყო 2010 წლის ივნისამდე. მიუხედავად იღუმენი იაკობის სამრევლოში მოღვაწეობის მცირე ხნისა მან საოციარი სითბო და სულიერება შეჰმატა სამრევლოს და დღემდე დიდი სიყვარულით ახსენდება ბევრს.
2009 წლის სექტემბრიდან წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სამრევლოში მსახურობს მაღალღირსი დეკანოზი დავითი (ლონერგანი). მამა დავითი 2014 წლამდე იმყოფებოდა ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციაში და უნეტარესი პატრიარქი იოანე მე-X-ის (იმჟამად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი) და არქიეპისკოპოს ზენონის ერთობლივი შეთანხმების საფიძველზე მამა დავითი ემსახურებდოდა ქართულ სამრევლოს. ხოლო 2014 წელს, მას შემდეგ რაც იგი ოფიციალურად გადმოვიდა სქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, მთავარეპისკოპოს ზენონის მიერ დანიშნულ იქნა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრად.
2012 წელს მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დმანისის და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა განახორციელა სამღვდელმთავრო ვიზიტი ირლანდიაში. მეუფემ წირვა ხალხის სიმრავლის გამო რუმინულ ტაძარში დააყენა და აკურთხა იქ შეკრებილი მორწმუნეები და უქადაგა მრევლს. მთავარეპისკოპოსი ზენონი ასევე შეხვდა ირლანდიის ლათინური წესის კათოლიკური ეკლესიის იმჟამინდელ პრიმასს, დუბლინის მთავარეპისკოპოსს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დერმუდ მარტინს და მის აღმატებულებას, ირლანდიის პრეზიდენტს, ბატონ მაიქლ დ. ჰიგინსს. მეუფემ მადლობა გადაუხადა მთავაეპისკოპოს დერმუდს და პრეზიდენტ ჰიგინსს ჩვენი სამრევლოსთვის ირლანდიის ლათინური წესის კათოლიკური ეკლესიის და ირლანდიის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარებისთვის.
მამა დავითის მოღვაწეობის დროს, რომის ლათინური წესის ეკლესია განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა წმინდა მაქსმიმე აღმსარებლის ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოს. კაბრაზე დომინიკელების ორდერის დედათა მონასტრის ტაძრის ქირავნობის ვადის გასვლის შემდეგ, სამრევლომ ბინა დაიდო ჯერ როსმენიური ორდენის წმინდა იოსებ დამწინდველის სახელობის დრამკონდრის ტაძარში სადაც 2009 წლიდან 2011 წლამდე იფუნქციონირა, ხოლო 2011 წლიდან 2017 წლამდე სამრევლოს დაეთმო დონიბრუკის კარმელიტური ორდენის დედა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტაძრის ჩათვლით, რამაც შესაძლებელი გახადა როგორც რელიგიური მსახურებების ისე სამრევლოსთან არსებული სხვადასხვა შემოქმედებით-აღმზრდელობითი წრეების უფრო მასშტაბურ და ინტენსიურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა.
ამ დროს სამრევლოში სრული მასშტაბით ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლი, იწყება დიასპორის ჩამოყალიბების პროცესი. მამა დავითის დიდი მეცადინეობით 2014 წელს დუბლინის ცნობილი რივარფესტის მთავარი მონაწილე საქართველო ხდება. ფესტივალზე მრავალი თვალსაჩინო წარმომადგენლი თუ ექსპონატი იყო წარმოდგენილი. მათგან რამოდენიმე რომ ავღნიშნოთ - ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყო სუხიშვილების სახელმწიფო ქორეოგრეფიული ანსამბლის და ანსამბლ რუსთავის მომღერალთა გუნდის მიერ, ხოლო სპეციალურად დათმობილ პავილიონში გამოფენილი იყო, სხვათა შორის, სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი ქართული საცეკვაო კოსტიუმებიც. აღსანიშნავია რომ ჩვენი სამრევლოს პატარები გამოვიდნენ და იცეკვეს და იმღერეს იმ სცენაზე რომელსაც მათ შემდეგ ლეგენდარული ქართველი ხელოვანები დაიკავებენ და ქართულ გენიას როკვით განფენენ და ჩაკრულოთი და ხასანბეგურათი ხმას ზეცას მიაწვდენენ.
დონიბრუკის მონასტრის შენობის გასხვისების შემდეგ, სამრევლო იძულებული გახდა ახალი ბინა მოძებნა. მამა დავითის მეცადინეობით 2017 წლიდან სამრევლო გადადის გოლდენბრიჯის ყოფილ სამონასტრო კომპლექსში, რომელიც დუბლინის მერიის დაქვემდებარებაშია და იგი, ჩვენი სამრევლოს იქ გადასვლამდე, მხოლოდ საერო აქტივობებისთის გამოიყენებოდა. თავდაპირველად ყოფილი ტაძრის შენობაში კვირაობით წირვის ჩატარების უფლება გვეძლეოდა. თანდათან ნაცნობობაც და პირობებიც უმჯობესდებოდა.
2022 წლიდან დუბლინის მერიამ, დუბლინში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სამრევლოს მუდმივი მოხმარების უფლებით ნომინალური საზღაურად გადასცა ორი ოთახი. ასევე დამატებითი ოთახების პერიოდულად გამოყენების უფლებაც მოგვცა. ამან კვლავ გააჩინა საშუალება რომ საკვირაო სკოლა ისევ სამრევლოს ტერიტორიაზე გაეგრძლებინა ფუნქციონირება. ასევე აღდგა სიმღერის ანსამბლი. (იმედს ვიტოვებთ რომ სექტემრიდან ქორეოგრაფიული ანსამბლიც გააგრძელებს სამრევლოს ტერიტორიაზე არსებობას.)
2017 წლის ზაფხულიდან სამრევლოში მოვლინებული იქნა მღვდელი ნიკოლოზი (მაისურაძე), რომლის მოღვაწეობამ ქართული ელფერი დაუბრუნა სამრევლოს. მისი მოღვაწეობის დროს ბევრი ახალადჩამოსული შემოუერთდა სამრევლოს და ხალხის სიმრავლის გამო მთავარეპისკოპოს ზენონის კურთხევით მამა ნიკოლოზმა დაარსა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამრევლო, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა.
2022 წლის 1 თებერვლიდან მთავარეპისკოპოს ზენონის გადაწყვეტილებით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი გიორგი (ერისკაცობაში ლაშა ტრაპაიძე). მამა გიორგი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მრევლი იყო საიდანაც მოხდა მისი გამორჩევა ჯერ დიაკვნად და რამოდენიმე თვეში, 2015 წლის სულთმოფენობას, მღვდლად კურთხევა. იგი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში მსახურობდა 2015-2016 წლებში.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, არქიეპესკოპოს ზენონის კურთხევით, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სამრევლო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უკრაინიდან დევნილ მორწმუნეებს. მათთვის წირვა-ლოცვა ქართული და ინგლისური ენების გარდა უკრაინულადაც აღევლინება. მოხერხდა ირლანდიურ სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სპეციალურად უკრაინელებისთვის და ქართველებისთის საგანმანთლებლო და პერეკვალიფიცაციის პროგრამების დანერგვა რამაც ხელი უნდა შეუწყოს ახალჩამოსულების ცხოვრების დონის ამაღლებას და მათ ირლანდიურ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ირლანდიის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული სამრევლოს სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა სასულიერო თუ საერო პირს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს თუ შეაქვთ სამრევლოს დაარსება და განვითარებაში.
უფალმა დალოცოს საქართველო და ირლანდია! მშვიდობა დაამყაროს მსოფლიოში და განსაკუთრებით უკრაინაში! წყალობა და მადლი უხვად მიჰმადლოს მთავარეპისკოპოს ზენონს, დმანისისა და აგარაკ-ტაშირისას და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისას, ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს!
ჩვენთან არს ღმერთი! არს და იყოს!