საქართველოს საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელი ,,მართლმადიდებელი"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელი ,,მართლმადიდებელი"

საქართველოს საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელი ,,მართლმადიდებელი" martlmadidebeli

საქართველოს საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელი “მართლმადიდებელი” დაარსდა 1999 წლის 2 აპრილს და ღვთის შეწევნით დღემდე ერთგულად ემსახურება მომხმარებელს. ქსელი მართლმადიდებელ მრევლს სთავაზობს სხვადასხვა დასახელების საეკლესიო დანიშნულების პროდუქციას, როგორც ადგილობრივს, ასევე იმპორტირებულს ათონის მთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან. აღნიშნული პროდუქციით ქსელის შვიდივე მაღაზიის მომარაგება ხდება ყოველდღიურად. ჩვენთან დასაქმებული 24-ვე ადამიანი ეკლესიის მრევლია და ცდილობს დაიცვას უფლის მცნება იყუარებოდით ურთიერთას (იოანე 15, 12)

🌸 🌸 🌸  მარიამობას გილოცავთ  🌸 🌸 🌸28 აგვისტო - მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულ...
28/08/2026

🌸 🌸 🌸 მარიამობას გილოცავთ 🌸 🌸 🌸

28 აგვისტო - მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა

სიონობა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატთა თაყვანისცემა: ბოლნისის, ატენის, აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის, საგურამოს, საცხენისის, ძველი გავაზის, რუსთავის, იტრიის.

ტროპარი: შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

🍇🍉🍒ფერისცვალებას გილოცავთ🍒🍉🍇19 აგვისტო - ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესიფერისცვალება უფლ...
18/08/2026

🍇🍉🍒ფერისცვალებას გილოცავთ🍒🍉🍇

19 აგვისტო - ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა: „და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მათე; 17,2). ლუკა მახარებელი კი გვეუბნება, რომ ქრისტეს ფერისცვალება ლოცვისას მოხდა: „და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვა პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“ (ლუკა; 9,29). მაცხოვარმა ფერი იცვალა მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად, რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოხსნისათვის იყო აუცილებელი.

როცა იესო ქრისტე მოციქულებს თავისი ღვთაებრივი დიდებით წარმოუდგა, მის გვერდით წინასწარმეტყველნი, მოსე და ილია იდგნენ: „და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა და თანაზრახვიდეს“ (მათე 17.3). მახარებელი ლუკა იმასაც გვამცნობს, თუ რაზე ესაუბრებოდნენ ისინი უფალს: „იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალ ჱმს“ (ლუკა; 9,31). განსვლაში აქ იგულისხმება სიკვდილის მეშვეობით ქრისტეს წასვლა მიწიერი ცხოვრებიდან, მისი აღდგომა და ზეცად ამაღლება.

მოციქულმა პეტრემ სთხოვა მოძღვარს, სამი კარავი დაედგათ ამ წმიდა ადგილას: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“ (მათე; 17,4). მახარებელი მარკოზი უმატებს: „რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ“ (მარკოზი; 9.6). იოანე ოქროპირის აზრით, პეტრეს სიტყვები, რომლითაც მან ქრისტეს მიმართა, მოწაფის სიყვარულსა და ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომლის მიზეზიც ხილვა იყო. არც მოციქულების შიშია გასაკვირი: ღვთაებრივ სილამაზესა და არამიწიერ სანახაობას შეეძლო, შეეშინებინა ისინი. უცებ გამოჩნდა ნათლის ღრუბელი და ღრუბლისაგან მოისმა ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“ (მათე; 17,5).

შიშისაგან პირქვედამხობილ მოციქულებთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“. როცა მათ თვალი გაახილეს, აღარსად იყვნენ მოსე და ელია, იესო მარტო იყო.

სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისათვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.

18 აგვისტო - მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ქრისტიანულ ოჯახში...
18/08/2026

18 აგვისტო - მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)

მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით განდგომილი. მას სურდა, რომ ხორციელ კავშირს სულიერი კავშირიც დართვოდა. ამიტომ დღე და ღამ მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი“.

წმიდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. საცხოვნებელ გზას შემდგარი გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზიოსის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმიდა ნონაც.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმიდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: „საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!“ მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო“.

374 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხს. 1 იანვარს). წმიდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.

16 აგვისტო - წმიდა პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებულ...
15/08/2026

16 აგვისტო - წმიდა პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)

წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა და „საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ყო იგი“.

წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. ნათისღების შემდეგ იგი კიდევ უფრო ამაღლდა სათნოებით და თავის სულში აღანთ მასზე მოფენილი სულის მადლი. იგი შენატროდა მოწამეთა ცხოვრებას, მათ აღსასრულს და ლოცულობდა, რათა თვითონაც ღვთის ნებით წამების ღვაწლისა და უკვდავების სასმელის შესმის ღირსი გამხდარიყო. ღვთისმსახურებით შემკულმა ნეტარმა რაჟდენმა სიყრმიდან ღვთისმსახურებაში აღზრდილთ გაუსწრო.

ვახტანგ მეფე იღვწოდა ეკლესიის გაძლიერებისათვის: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, სამეფოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები.

მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს, პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ვახტანგ გორგასალმა წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით.

მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს თავს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.

ომის დროს თავი ისახელა „ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმანა“ - რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი.

ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს. პეროზმა დიდად გაიხარა ქართველთა რჩეული მხედრის ხელში ჩაგდებით და მხიარულად მიმართა ტყვექმნილს: „გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა! სად უკუე იყავ ესოდენთა ამათ ჟამთა, რაჲსათჳს უარ გიქმნიეს მამული შჯული და შედგომილ ხარ სჯულსა უცხოსა, რომელი არა გასწავეს მამათა შენთა და ბრწყინვალისა მზისა წილ და ცეცხლისა და სხუათა მათ მნათობთა მსახურებ ჯუარცმულსა კაცსა, რომელი ჰურიათა მოაკუდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხიეს, ანუ არა ესე ყოველი ესრეთ არსა?“

რაჟდენმა გაბედულად მიუგო: „ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტეანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმრთოებაჲ და არღარა თაყუანის-ვსცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათჳს სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი, რაჲ არს მათ შინა ხილულნი ანუ უხილავნი, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ არს იგი ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელი-იგი არავინ იხილა, ვერცა შემძლებელ არს“.

პეროზ მეფე გულისწყრომით აღივსო, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ფიქრობდა, რომ დაყვავებით და პატივით მოიგებდა რაჟდენის გულს და უთხრა: „ისმინე, რაჟდენ, და დაუტევენ უხმარნი ეგე სიტყუანი და ერჩდი ბრძანებათა ჩუენთა და მიგანიჭნეთ პატივნი და დიდებანი უფროჲს პირველისა და გყოთ თანაზიარ დიდებისა ჩუენისა და იყო საკუთარ მეგობარ და საყუარელ ჩუენდა. და უკუეთუ არა ყო, სიკუდილითა მწარითა და სატანჯველითა მრავალფერითა მოგაკუდინოთ შენ“.

რაჟდენმა მშვიდად მოუსმინა მეფეს, შემდეგ კი მიუგო: „რაჲ არიან ნიჭნი და პატივნი შენნი, მეფეო, არა საწუთრონი არიან და მსგავსად სიზმრისა განქარვებადნი და აჩრდილებრ წარმავალნი? ხოლო სული უკუდავ არს და უკუდავადაც ჰგიეს, და უკუეთუ ვისმინო ბრძანებისა შენისა და ვერჩდე თქმულთა შენთა, არა მოვკუდეა მეცა, ვითარცა ზოგად ყოველნი კაცნი და მერმე საუკუნოდ ვიტანჯებოდე ცეცხლსა შინა უშრეტსა და სიმდიდრე შენი აქავე დაუტევო, ხოლო უკუთე მოვკუდე ქრისტესთჳს, უკვდავ ვიქმნე საუკუნოდ და მის თანა ვსუფევდე“.

განრისხდა უსჯულო მეფე და ბრძანა, სასტიკად ეცემათ წმიდანი. წამების ოსტატებმა ძირს დასცეს წმიდა რაჟდენი და საშინლად სცემეს, კბილები ჩაულეწეს, სახე სისხლით შეუღებეს, ციცაბო კლდეზე ათრიეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

დილეგში მყოფი წმიდანი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა მოთმინებისა, რომ არ ეღალატა ქრისტესთვის. სპარსელები საპყრობილეშიც ბევრს ეცადნენ წმიდანის გადაბირებას, მაგრამ ამაოდ.

რაჟდენის ტყვედ ჩავარდნის და წამების ამბავი მყისვე გაიგეს მცხეთაში. პეროზ მეფეს რამდენიმე წარჩინებული ქართველი ეახლა და მცირე ხნით რაჟდენის განთავისუფლება სთხოვა. პეროზმა რაჟდენს უკან დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და მცხეთაში გაუშვა.

პირველად მეფეს ეწვია რაჟდენი. გაიხარა ღვთისმოყვარე მეფემ, ამბორს უყო და სიყვარულით მოიკითხა. სიხარულით აივსო სახლეული, რადგან არ ელოდნენ მის ხილვას. როცა ცოლმა გაიგო, რომ რაჟდენი ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო, შეევედრა მეუღლეს: „რად ესრეთ განგიწირავს ცხორებაჲ თჳსი და მიგიცემიეს თავი შენი სიკუდილად და ჩუენცა სრულიად ოხერ და ობოლ გუყოფ? ჰყოფდი ბრძანებასა მათსა და იხსენ თავი შენი და ჩუენცა, რათა არა ბოროტად მოკუდე შენ და ჩუენ სიკუდილითა შენითა მივეცნეთ განსაცდელსა მწარესა და მწუხარებასა ძნელსა“. წმიდა რაჟდენმა რბილად უსაყვედურა ცოლს: „რად ესრეთ ბოროტისა განმზრახ მექმნები, დედაკაცო, ვითარცა ევა, ანუ ვითარცა ცოლი იგი იობისი, რაჲთამცა ვისმინე შენი და ვიქმნეცა ვითარცა ადამ, უკუდავებისა წილ მოკუდავ და უხრწნელებისა წილ განხრწნილ და მიწად ქცეულ...“

წმიდა კვლავ უკან დაბრუნდა. მობრუნებულს გზად მის შესაპყრობად გამოგზავნილი მხედრების რაზმი შემოეყარა. წმიდა რაჟდენმა ახოვნად აღიარა, რომ იგი იყო, ვისაც ეძებდნენ. უღმერთოებმა შეიპყრეს იგი, ისევ უწყალოდ სცემეს ჯოხებით, შეკრეს, გაიგდეს წინ და მეფეს მიჰგვარეს. პეროზი ისევ შეეცადა რაჟდენის გადაბირებას, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაჰპირდა, მაგრამ რაჟდენმა კადნიერად მიუგო: „ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ პყრობილებამან, სიკუდილმან ანუ ცხორებამან, სიმდიდრეთა ანუ სიგლახაკეთა, ვერარამან შეუძლოს განყენებაჲ ჩემი სიყუაისავე დათმენად“.

განრისხებულმა პეროზმა ბრძანა, წრომს დაბანაკებულ სარდალთან გაეგზავნათ რაჟდენი, თან შეუთვალა: უკუეთუ ისმინოს, პატივით გაისტუმრეთ, თუ არა - ისე აწამეთ, დასამარხადაც არ ვარგოდეს მისი ხორციო.

წრომში მყოფ სარდალს ადრევე ჰქონდა გაგებული რაჟდენის მამაცობის ამბავი, ამიტომ დიდად გაუხარდა, როდესაც პირადად ნახა იგი და ტკბილი სიტყვებით შეეცადა მის გადაბირებას. წმიდანმა მტკიცედ მიუგო: „რაჲსა მაიძულებთ, უსჯულონო, ცხოველისა ღმრთისა დატევებად, რომელმან დაბადა ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა... მე პატიჟნი თქუენნი და ნიჭნი გინებად შემირაცხიან, რომელი დღეს არს და ხვალე არღარა. აწი რომელიცა გენებოსთ, ყავთ იგი, რამეთუ მე მზა ვარ დათმენად ყოველთა ძჳრთა ქრისტესთჳს“.

განრისხებულმა მთავარმა სასტიკად აწამა წმიდა რაჟდენი. თავ-პირში ურტყეს, კბილები ჩაუმსხვრიეს, ღაწვნი დაუმტვრიეს. ნეტარი კი ისევ მადლობას სწირავდა ღმერთს და სულით ხარობდა, რომ ქრისტეს მსგავსად იტანჯებოდა.

ხელფეხშეკრული წმიდა რაჟდენი კვლავ შეაგდეს საპყრობილეში. მაცხოვარი არ შორდებოდა მას, ანუგეშებდა და აძლიერებდა. წმიდა რაჟდენს სულ უფრო და უფრო ემატებოდა სიმხნე მომავალი ღვაწლის მიმართ.

მრავალჯერ აწამეს იგი, მრავალგზის შესთავაზეს საჩუქრები და პატივი, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლიეს. როცა საბოლოოდ გადაეწურათ მისი გადაბირების იმედი, ჯვარცმით სიკვდილი გადაუწყვიტეს.

„ვინაჲთგან ძელსა ზედა მოკლულისა მიმართ აქუს სასოებაჲ, რაჲთა ესეცა ძელითა აღესრულოს“, - გამოუტანეს განაჩენი წმიდანს, შემდეგ კი „აღმართეს ძელი იგი და მას ზედა დამსჭუალეს ტარიგი ქრისტესი“. მის გვერდით ძელებზე ჩამოჰკიდეს ხუთი ავაზაკი, როგორც იესო ორ ავაზაკს შორის. ჯვარზე გაკრულ წმიდა მოწამეს ისრები დაუშინეს. ნატყორცნ ისრებს, სხულიდან ამოაძრობდნენ და ისევ ურჭობდნენ. მთელი სხეული ჭრილობებით დაუსერეს. წმიდანის ბოლო სიტყვები იყო: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“. ეს მოხდა 457 წლის 3 (16) აგვისტოს.

წმიდა რაჟდენის წამებისა ჟამს ისევე, როგორც მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, შუადღისას წყვდიადი ჩამოწვა, ამოვარდა სასტიკი ქარი, გაფანტა ყველა იქ შეკრებილი, მათ შორის მცველნიც, ურჯულო მთავარმა რომ დაადგინა, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ მისი ცხედარი და არ დაეფლათ მიწაში, ფრინველებს და მხეცებს რომ შეეჭამათ იგი.

ღამით იქაურმა ქრისტიანებმა მოიყვანეს მღვდელი, გარდამოხსნეს, ჯვრიდან წმიდა მოწამის გვამი და ფარულად მიწას მიაბარეს.

რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში მშვიდობა დამყარდა. წმიდა ვახტანგ გორგასალმა წმიდა რაჟდენის ნაწილთა მოძიება დაიწყო. არავინ უწყოდა დაკრძალვის ადგილი მღდლის გარდა. ერთ ღამეს წმიდანი დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილი ეჩვენა მღვდელს და უთხრა: ხუცეს, აღდეგ, ნუღარ აყოვნებ, მეფეს სურს იხილოს ჩემი ნაწილნი და შემეგებოს, წადი, აუწყე სად ასვენია და სადაც თვით ენებოს, იქ დაასვენოს ისინი.

შიშითა და სიხარულით აღსავსე ხუცესი მყის წავიდა მეფესთან და აუწყა როგორ, როდის და სად იყო დაკრძალული წმიდა რაჟდენი, როგორ ეჩვენა მას და რა ამცნო.

ამის გამგონე მეფე გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, მადლი შესწირა ღმერთს და სანატრელ მოწამეს. მან მყის მოუხმო თავისი სამეფოს ეპისკოპოსებს და სხვა სამღვდელო პირებს. მიავლინა ისინი უამრავი საჩუქრებით სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული იყო ღვაწლმოსილი მოწამის მრავალმოღვაწე გვამი.

მიაღწიეს წრომს, ამოასვენეს შიშით და კრძალვით მოწამის ცხედარი. ენით უთქმელი სურნელება მიმოეფინა მთელ იმ მიდამოს. წმიდანის ნეშტი წაასვენეს გალობით, სანთლებით, კერეონებით და საკმველეთა სურნელებით ნიქოზს, ვახტანგ მეფის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო ეკლესიაში. მეფე და დედოფალი შორს მიეგებნენ დიდი სურვილით და სარწმუნოებით, ცრემლით ეამბორნენ მთავართა და დიდებულთა თანხლებით. ისინი ქვეითად მიჰყვებოდნენ წმიდანის ცხედარს.

ამის შემდგომ მოწამის სურვილითა და მოწოდებით მეფემ წმიდა რაჟდენის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგო უჯარმის ციხეში და ერთი სხვა ეკლესია უჯარმის ველზე, რომელსაც სამგორს უწოდებენ.

ტროპარი

ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრსიტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალელსა, მორწმუნეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოითა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნეთ განსაცდელთაგან.

დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

კონდაკი

მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო, და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასუფეველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩვენ მაქებელთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

15 აგვისტო - ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი, მოსკოველი საკვირველთმოქმედი (+1557)ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი 146...
15/08/2026

15 აგვისტო - ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი, მოსკოველი საკვირველთმოქმედი (+1557)

ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი 1468 წელს დაიბადა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ელიხოვოში. როცა ყმაწვილი წამოიზარდა, მშობლებმა იგი ოსტატს მიაბარეს ხარაზობის შესასწავლად. ერთხელ, როცა წმიდანი თექვსმეტი წლისა იყო, სახელოსნოში ვაჭარმა შემოიარა და ჩექმები შეუკვეთა. ბასილის ცრემლები წასკდა, ვაჭარი ჩექმების ჩაცმას ვერც მოასწრებს, გარდაიცვლებაო. რამდენიმე დღეში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ამის შემდეგ ნეტარმა მოსკოვს მიაშურა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხში იგი ნახევრად შიშველი დადიოდა. უცნაური იყო მისი საქციელი: ხან პურის კვერებიან ხონჩას ააყირავებდა, ხან ბურახით სავსე დოქს ჰკრავდა ხელს. გაბრაზებული გამყიდველები უყვიროდნენ და სცემდნენ, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ პურის კვერები ცუდი გამომცხვარი იყო და ბურახიც უვარგისად შემზადებული. თანდათან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ნეტარი ბასილი ღვთისკაცი იყო, უსამართლობის მამხილებელი.

ერთხელ ერთმა ვაჭარმა მოსკოვში ტაძრის აგება გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოჰყავდა: თაღები სამჯერ ჩამოიქცა. შეშფოთებულმა, წმიდა სალოსს მიმართა რჩევისათვის, რომელიც ღარიბულ ქოხში იჯდა და ცარიელ აკვანს არწევდა. „ვის არწევ?“ - იკითხა მან. „მშობელ დედას ვუხდი გადაუხდელ ვალს ჩემი შობისა და აღზრდისათვის“, - იყო პასუხი. მხოლოდ მაშინ მოაგონდა ვაჭარს, რომ დედა სახლიდან გაგდებული ჰყავდა და მისთვის ცხადი შეიქნა, თუ რატომ ვერ ამთავრებდა მშენებლობას. იგი დაბრუნდა მოსკოვში, მშობელი სახლში დააბრუნა და კეთილი საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

ნეტარი, უწინარეს ყოვლისა, მათ ეხმარებოდა, ვინც სხვებზე მეტად საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ მოწყალების თხოვნა ერცხვინებოდა. იყო შემთხვევა, როცა მეფის მდიდრული ძღვენი მან უბოძა უცხოელ ვაჭარს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, სამი დღე ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში, მაგრამ წყალობას ვერ თხოულობდა, რადგან კარგი სამოსი ეცვა. მოყვასის სიყვარულის გამო უფლის რჩეული სამიკიტნოებშიც დადიოდა, სრულიად განადგურებულ ადამიანებშიც ეძებდა სიკეთის მარცვლებს. ბევრი ამჩნევდა, რომ, როცა ნეტარი ბასილი ჩაუვლიდა ხოლმე სახლებს, სადაც უაზროდ ლოთობდნენ და მხიარულობდნენ, მათ კუთხეებს კოცნიდა, კეთილმსახურთა სახლებს კი ქვებს ესროდა. როცა ამ საქციელის ახსნას სთხოვეს, წმიდანმა უპასუხა, იმ სახლებთან, სადაც თავაწყვეტილად ღრეობენ, მწუხარე ანგელოზები დგანან და ჭმუნავენ ადამიანთა უსჯულოების გამო. მე ცრემლებით ვევედრები მათ, ილოცონ ცოდვილთა მოსაქცევად. ღვთისმოშიშთა სახლებში კი ეშმაკებს ადგილი არა აქვთ - გარეთ დგანან, მე კი მათ ვდევნიო.

წმიდა ბასილი 1552 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა. მის კუბოს წმიდა სამების ტაძართან გამზადებულ საფლავამდე სხვებთან ერთად თავად ივანე მრისხანეც მიაცილებდა. 1554 წელს ნეტარის საფლავზე აიგო ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. 1558 წელს მოხდა წმიდანის კანონიზაცია და ნაწილთა აღმოყვანება.

14 აგვისტო - მარიამობის მარხვის დასაწყისიმარიამობის მარხვაქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მ...
14/08/2026

14 აგვისტო - მარიამობის მარხვის დასაწყისი

მარიამობის მარხვა

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულისადმია მიძღვნილი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VII ს.) ად იოანე დამასკელს (VIII ს.) მიეკუთვნება. შემორჩენილია V საუკნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საგალობელიც.

საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა).

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიცაის არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.

ანასტასი კესარიელის ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა), ე.ი. რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა.

უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო გახლდათ - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვადღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.

12 აგვისტო - წმიდა მოწამე იოანე მხედარი (IV)წმიდა მოწამე იოანე მხედარი მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363...
12/08/2026

12 აგვისტო - წმიდა მოწამე იოანე მხედარი (IV)

წმიდა მოწამე იოანე მხედარი მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. ის იყო ფარული ქრისტიანი და ლოცვით, მარხვითა და კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ვერ ამჩნევდნენ, რადგან უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად ისიც გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა მათ. როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასასჯელად. გზაში წმიდანს მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: წარმართი მცველები გვემდნენ მეფის ურჩ მხედარს, უჭერდნენ რკინის საკვრელებს, ფეხშიშველს ამყოფებდნენ, სიცივითა და შიმშილით ტანჯავდნენ. როცა მათ სამეფო ქალაქამდე ჩააღწიეს, იმპერატორი სპარსელებთან საომრად იყო გასული. მის დაბრუნებამდე უფლის რჩეული საპყრობილეში გამოკეტეს.

ამასობაში, 363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე ავიდა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იობიანე, რომელმაც წინამორბედის მიერ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისთვის ტყვექმნილები გაათავისუფლა და გადასახლებულ ეპისკოპოსებს კათედრები დაუბრუნა. თავისუფლება ჰპოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმიდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას უძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში. სიკვდილის წინ მან ითხოვა, დაეკრძალათ მდაბიოთა და გლახაკთა სასაფლაოზე. წმიდანს თხოვნა შეუსრულეს. მისი სამარხი დაიკარგა, მაგრამ იოანემ ერთ კეთილმსახურ ქალს გამოცხადებით ამცნო თავისი წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი. აღმოყვანების შემდეგ უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაასვენეს. მათთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

11 აგვისტო - წმიდა მოწამენი: თეოდოტია და სამნი ყრმანი მისნი (+დაახლ. 304)წმიდა მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ქალა...
11/08/2026

11 აგვისტო - წმიდა მოწამენი: თეოდოტია და სამნი ყრმანი მისნი (+დაახლ. 304)

წმიდა მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ქალაქ ნიკეიდან, სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს იგი უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმიდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმიდა ანასტასიასთან (ხს. 22 დეკემბერს). როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმიდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადიუსი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით. გადაწყვიტა, შინ წაეყვანა და ცოლად შეერთო. ლევკადიუსის სახლში თეოდოტია შვილებთან ერთად სიწმიდით ატარებდა დღეებს; წარმართმა კარისკაცმა ვერც შეგონებებით, ვერც ლიქნით, ვერც მუქარით ვერ მოდრიკა მისი ნება. ბოლოს, წმიდანის სიმტკიცით გამხეცებულმა, შვილებთან ერთად ბითვინიაში გაგზავნა იგი, ოლქის მმართველ ნიკიტიუსთან. როცა მსაჯული წამების მუქარით შეეცადა ნეტარი დედის დაშინებას, მისმა უფროსმა შვილმა, ევოდმა განაცხადა: „ქრისტიანებს არ ეშინიათ სატანჯველების, ისინი მხოლოდ ღვთის მადლის დაკარგვას უფრთხიან!“ ბავშვი მშობლის თვალწინ სასტიკად გვემეს. იგი სისხლისგან დაიცალა და მოწამის გვირგვინით შეერთო ნეტარ მარადისობას. ამის შემდეგ ნეტარი დედა გარყვნილებს გადასცეს შესაგინებლად, მაგრამ ზეციურმა ძალამ დაიცვა იგი. ყველას თვალწინ სასწაული აღესრულა: უფლის ანგელოზი წინ აღუდგა უსჯულოებს, რომლებიც გაკადნიერდნენ, მიახლოებოდნენ ქრისტეს ტარიგს. მსაჯულმა მომხდარი წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და მას შვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა მიუსაჯა.

წმიდა მოწამეთა: თეოდოტიას, ყრმა ევოდის და მისი ორი სხვა მცირეწლოვანი ძის ხსენება 22 დეკემბერსაც აღესრულება, წმიდა ანასტასიასთან ერთად.

ხატწერა შოთა ცინცაძის

7 აგვისტო  ~ მიცვალება მართლისა ანასი - დედისა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა (I7 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლად...
07/08/2026

7 აგვისტო ~ მიცვალება მართლისა ანასი - დედისა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა (I7 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედის, მართალი ანას მიცვალებას აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, 79 წლისა, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ხარებამდე. მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. მართალი ანა პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი გახლდათ ლევიტელთა ტომიდან. ანას მამა ნათანიც წინაპრების მსგავსად ღვთისმსახური, ბეთლემელი მღვდელი იყო. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა - მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი არის იოანე ნათლისმცემლის დედა.

მართალი ანა ცოლად გაჰყვა წმინდა დავით მეფის შთამომავალ იოაკიმეს. კეთილი და ღთისმოშიში ცოლ-ქმარი ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა.

წმინდა იოაკიმე თავისი შრომის ნაყოფს სამად ყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობამდე, რომ შვილი არ შეეძინათ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმინდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. გარდა ამისა, იოაკიმეს უყვარდა ანა და პატივს სცემდა არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო. გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.

დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: "უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა. სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს: "შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი".

იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი ყვედრების ასე სახალხოდ მოთმენა და შინ აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრე¬მლით იქარვებდა, შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

ამავე დროს, როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს - შესაძლებელად აქცევს! ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ - ამის გამო კიდევ უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლით, კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: "უბედური მხოლოდ მე ვარ, - მოთქვამდა იგი, - ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!"

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარდგა და უთხრა: "ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს".

ანგელოზმა დაავალა ანას, წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს". ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.

ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: "უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".

ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და შინაც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.

გავიდა ხანი და ანამ იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ, ანგელოზის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

ნანატრ გოგონას წმინდა იოაკიმე და ანა თვალისჩინი¬ვით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც ჩვილი მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: "ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

მარიამს ორი წელი შეუსრულდა. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი გულისა და გონების არაჩვეულებრივი განვითარებით, რომელიც ასაკს დიდად აღემატებოდა. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა, მარიამი თავისი ასაკის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა და მართალი იოაკიმე ჩქარობდა, იგი აღთქმისამებრ ღვთის ტაძარში მიეყვანა, მაგრამ ანამ, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, სთხოვა, რომ კიდევ ერთი წელი გადაედოთ. ბრძენი მშობლები ასულს უფლის სამსახურისთვის ამზადებდნენ და მასში აყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა უკეთესია, ვიდრე მშობლებთან, რომ მშობლები ვერ მისცემენ იმას, რასაც ღმერთი მიჰმადლებს. "ისმინე, ასულო და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ", - ამბობს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა ღვთის წინაგანგებულების საიდუმლოს აღსრულების დრო. წმინდა ყრმა შედის წმიდათაწმიდათაში, რითაც დასაბამს იღებს ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ის ხომ აურაცხელ ცოდვათა გამო აქამდე მოკლებული იყო სასუფეველს.

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მიიწვიეს. აქვე იყო ნორჩ ქალწულთა, მარიამის თანატოლთა მთელი გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველა გაემართა იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალით იყო დაშორებული. წმინდა ქალაქში შესვლის და იქ შვიდდღიანი მარხვითა და ლოცვით განწმენდის შემდეგ იმ ჩვეულების მიხედვით, რომელიც ტაძარში მსხვერპლისშემწირველებს უნდა დაეცვათ, იოაკიმე და ანა თანამხლებლებთან ერთად ტაძარს მიუახლოვდნენ, ხელში ეპყრათ სამი წლის ასული - მიმადლებული მარიამი. უბიწო ქალწულთა დასი მიაცილებდა მას, ნაცნობები და ნათესავებიც თან მისდევდნენ. - ყველა ანთებული სანთლებით ხელში ისწრაფოდა, რომ ქალწული მარიამის, მოხუცებული მშობლების ერთადერთი შვილის, ტაძრად მიყვანებაში წილი დაედო და წმინდა საგა-ლობლებსაც აღავლენდნენ.

ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. "მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, - მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა".

გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება.

უკვე მრავალი წელი იყო, მარიამი ტაძრის მფარველობაში იმყოფებოდა და მისი ცხოვრება კაშკაშა ცასავით უშფოთველი და უღრუბლო იყო, მაგრამ ტაძარში ცხრაწლიანი ცხოვრების შემდეგ ამქვეყნად პირველი მწუხარება განიცადა: დაკარგა მოხუცი მშობლები. პირველად გარდაიცვალა იოაკიმე (80 წლის), ხოლო შემდეგ კი მალევე ღრმადმოხუცებული ანაც მიიცვალა. სწორედ ამ დღეს დღესასწაულობს ეკლესია ძველი სტილით 25 ივლისს (7 აგვისტო).

Address

ლესელიძე, დიუმას №4
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 11:00 - 20:00

Telephone

+995598791791

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელი ,,მართლმადიდებელი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to საქართველოს საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელი ,,მართლმადიდებელი":

Shortcuts

Share