05/04/2026
ქრისტე აღდგა!❤️
🌿 ეპისკოპოსის სააღდგომო მილოცვა | „ჩამჭიდე ხელი და წამომაყენე“
"საყვარელო ძმანო და დანო,
ჩვენ კვლავ გვჭირდება, ძლიერი ხმით წარმოვთქვათ: „ქრისტე აღდგა!“, და გავიგონოთ პასუხი: „ჭეშმარიტად აღდგა!“. ყოველ წელს მოხმობილნი ვართ, შევიდეთ აღდგომის საიდუმლოში ერთი ნათლის შუქზე, რომელიც სულ უფრო ღრმად გვაცნობს ღმრთის სინამდვილეს – და, ამავე დროს, ჩვენი საკუთარი თავის, ადამიანთა ჭეშმარიტ სინამდვილეს. იესო არის ღმერთი, რომელიც განკაცდა. ჩვენ ვამბობთ – ხორცი შეისხა, და ამ სიტყვებში ვგულისხმობთ უძლურებას, სასრულობას, შეზღუდვას, სისუსტეს. აი, რა არის ადამიანი – ქალი და კაცი! აი, რანი ვართ ჩვენ, მე და შენ!
პასექი გვიჩვენებს მას, როგორც ცილდანაწამებს, შეურაცხყოფილს, განდევნილს, დამცირებულს, ჯვარცმულს, მოკლულს. მაგრამ საბოლოოდ იგი წამოდგება. იგი ცოცხალია. იგი აღდგა. იგი არ მოსულა ჩვენს განსასჯელად, არამედ მოვიდა ჩვენს წამოსაყენებლად. აი, ჩვენი ღმრთის სინამდვილე იესო ნაზარეველში! რამდენად ძლიერად ვგრძნობთ, სწორედ როგორც ადამიანები, გამოწვდილი ხელის საჭიროებას - ხელისა, რომელიც ჩაგვეჭიდება და ამოგვათრევს ჩვენი ჯოჯოხეთიდან, რათა წამოვდგეთ, რათა მოგვენიჭოს სავსე სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე!
ჩვენ წინაშეა ანასტასისის ხატი, სადაც იესოს ადამისა და ევასათვის ხელები ჩაუჭიდავს და ამგვარად, უჭირავს ყოველი ადამიანის ხელი...
პასექის ნათელი, სიკვდილის მძლეველი ღმრთის ნათელი გვანიჭებს წამოდგომის თავისუფლებას. დიახ! სადაც უნდა იყოს ის ბუნაგი, რომელშიც შევყუჟულვართ, რაოდენ ღრმა და მახინჯ ადგილასაც უნდა იმყოფებოდეს ჩვენი ადამიანობა, მაინც, პასექის საიდუმლოში შესვლა გვანიჭებს წამოდგომის თავისუფლებას, გვიცოცხლებს სიცოცხლეს, გვაქცევს მოყვასად და არავის ბატონად, უნარჩუნებს გარჯასა და ყოველ ჩვენს ადამიანურ ქმედებას ღირსების მნიშვნელობას.
პასექი გვაძლევს ნებართვას, კვლავ ვიმედოვნოთ, ჩვენს ნაიარევთა დამალვის გარეშე (სწორედ ეს ნაიარევნი გვხდის ჩვენ განსაკუთრებულსა და ნამდვილს). მისი მშვიდობა, აღდგომის ნიჭი, გადაჯაჭვულია სულიწმიდის ნიჭთან – სულისა, რომელიც განაახლებს ადამიანს, ქალსა და მამაკაცს, თითოეულს თავის უძლურ ხორცში, და მაინც – იმედის მქონეს, ღმრთის შემძლეს.
ამგვარად, ძვირფასო ძმანო და დანო, – რაკი უფლის ხელი ჩვენც ჩაგვჭიდებს და წამოგვაყენებს, – ვუთხრათ ერთმანეთს, სიხარულით სავსე თვალებით, ამ წელსაც:
„ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“.
გილოცავთ პასექს!
+ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი