ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
ეს მოწოდება ეკუთვნის ავტოკეფალია–აღდგენილ პირველ კათოლიკოს პატრიარქს წმიდა კირიონ მეორეს, რომელიც გახლდათ XX საუკუნის უდიდესი ეროვნული და სულიერი მოღვაწე, გულდამწვარი ჭირისუფალი თავისი ქვეყნისა და ეკლესიისა. "დღეს ურთულეს პერიოდში ვცხოვრობთ – ამბობდა იგი – და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მთლიანობის, კეთილდღეობისა და ერთსულოვნებისათვის. ჩვენი ეკლესია მუდამ იყო ის სულიერი ძალა, რომელიც ადუღაბებდა და ამთლიანებდა სრულიად საქართველოს. ოდეს ერი ქართველთაი გარემოიცვა შურმან, მტრობამ და ურთიერთარსგაუგებრობამან, ოდეს იგი დაადგა გზასა დანაწილებისასა და წვლილებისასა – შესუსტდა შემოქმედებითი ნიჭი მისი, შეირყა სიმხნევე სულისა მისისა, დაეცა სახელმწიფოებრივი ძალა მისი და მან ლაღმან და ქედმაღალმან მუხლი მოიდრიკა წინაშე უცხოისა თესლისა, რომელშიც თქმულებისამებრ წერილისა, "ძენი თქვენნი წარიყვანა და ცხენთა ზედა აღახსნა, ასულნი თქვენნი აღიხვნა და მბარეულ ქმნა, აგარაკნი თქვენნი ვენახნი, ზეთის ხილნი თქვენნი და ღვინო განგიათეულნა და გყო თქვენ მისდა მონად." რაოდენგზის ინება დედა მშობელმან "შეკრება თქვენნი, ვითარსახე შეიკრიბოს ფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა , გარნა არა ინებეთ ესე" (მათე) და არცა "უფალმან" თქვენმან ნება გცა ამისი." და დღეს, ოდეს ვხედავ კრებულსა რჩეულთასა დიდ საწადელსა, წინასწარმეტყველებრ ვღაღადებ:
"აჰა ესერა რაიმე კეთილ ანუ რაიმე მშვენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათა ერთად." თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღისა ვარამის განმჭვრეტელობა წინდი არის იმისა, ვითარმედ "აღდგებიან მკვდარნი", საქართველო გაცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბჭდავს მატეანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა ამინ!
შემთხვევითი არ არის რომ ამ უკვდავი, წმიდა, ეროვნული მოღვაწის სახელობის ეკლესია–მონასტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, მისი უწმიდესობის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით 2001 წელს, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში გლდანის მასივის მე–7 და მე–8 მ/რ – შორის.
2005 წლის 23 თებერვალს დაიწყო საძირკვლის გათხრა – დიდმარხვის მსგეფსში, ხოლო 2005 წლის 8 მარტს იკურთხა საძირკველი. მოსახლეობის მონდომებით საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების კომისიამ დაამტკიცა პროექტი, რომლის არქიტექტორიც იყო აწ განსვენებული ბესარიონ გელდიაშვილი. მშენებლობას აწარმოებდა ახალგაზრდების ჯგუფი, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობით. უსახსრობის გამო აიგო ტაძრის მხოლოდ მცირედი ნაწილი. 2010 წელს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი ისააკ ფირცხალავა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მონასტრის ტერიტორიაზე აშენდა სამლოცველო, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა წირვა–ლოცვა. მრევლი საკმაოდ გაიზარდა და დღეს არსებული სამლოცველოს ფართი არ არის საკმარის, რის გამოც აუცილებელია უფრო მოზრდილი ტაძრის მშენებლობა. მხოლოდ ადგილობრივი მრევლის შემწეობით შეუძლებელია ეკლესიის მშენებლობის დასრულება.
წმიდა კირიონის თქმით – "მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზე ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას." თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულნი ვართ ვიცავდეთ ჩვენთა წინაპართა მიერ მოპოვებულ ფასეულობებს და ღირებულებებს – ენას, მამულს და სარწმუნოებას.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ტაძრის მშენებლობაში.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი: ს.ს. "საქართველოს ბანკი" კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: წმიდა კირიონ კათალიკოსის ეკლესია
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE60BG0000000494933500
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ