29/03/2020
… ძალიან რთული დრო დაგვიდგა. ეს არის დრო, როდესაც “რჩეულნიც კი შეცდებიან”. იმდენად საშიში მდგომარეობაა, ადამიანების დასაღუპად, წარსაწყმედად ისე ბრდღვინავს ეშმაკი, “ვითარცა ლომი”, ამიტომაც მეტი სულიერება გვმართებს, მეტად უნდა ვიაროთ ეკლესიაში, რადგან უმთავრესი ღირებულება, ფასეულობა – სული გადავირჩინოთ, ეს კი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა! სულიერი სიმტკიცით, ეკლესიური, სწორი ცხოვრებით მოვიპოვებთ ღვთის წინაშე სულიწმინდის მადლს, რომელიც დაგვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან……როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ეს ცხოვრება გამოცდაა თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეულ ჩვენთაგანს ათი, ასი, ორასი ეშმაკი დაყვება დასაღუპად, ეს უნდა გვახსოვდეს და ამიტომ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, როგორც სახარება გვმოძღვრავს – “ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო”, ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის გვერდით ყოფნით ჭირსა თუ ლხინში უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, სწორედ ესაა ქრისტიანობა!.. ხოლო თუ გული გაგვიცივდა, თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, თუ სხვისი ჭირი ჩვენთვის ლხენაა, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად ყოფილა. ერთმანეთის სიყვარულში უნდა განვმტკიცდეთ.ქრისტიანობა მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და ტაძარში სიარული არ არის, ქრისტიანობა მოყვასის თანადგომაა, მიტევებაა, ქრისტიანობა თავდადებაა მოყვასისათვის, ერისათვის…და სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენ – მოძღვრებმა ჩვენი სულიერი შვილები, ჩვენი მრევლი. სწორედ ამის მაგალითს გვაძლევენ ჩვენი ღირსეული წინაპრები!….. დღეს, როგორც ვხედავთ, პირადი კეთილდღეობა აღემატება ქვეყნის ინტერესებს.ძალიან ბევრი, დიდი პიროვნებისგან მომისმენია, რომ თუ ჩემი ოჯხი კარგად იქნება, ჩემი შვილები კარგად იქნებიან, მე ეს “მაწყობსო”, მთლიანად საქართველო, მთელი ერი კი არა, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავენ მხოლოდ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე არჩევანი გააკეთეს. არჩევანი გააკეთეს წარმავალზე, ხრწნადზე, დროებითზე… ჩვენ მარადიული ღირებულებები უნდა ავიყვანოთ თავის სიმაღლეზე – ეს არის სამშობლოს, დედა ეკლესიის, მოყვასის სიყვარული. ჩვენი ცხოვრება სწორედ ამ ღირებულებებზე უნდა დავაფუძნოთ, ეს უნდა იყოს მთავარი და არა ფიქრი და ზრუნვა მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, კარგად ცხოვრებაზე, კარგ თანამდებობაზე. დღეს ვინც თანამდებობისთვის იბრძვის, ვინც თავის პირადულს სამშობლოზე წინ დააყენებს, მას ხელი მოეცარება. ასეთი ადამიანები წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერ გაიმარჯვებენ… და თუ საქართველოსთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, ეკლესიის ერთიანობისთვის იბრძვიან, მათზე ღვთის მფარველობა და ღვთის კურთხევა იქნება. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს!…ძალიან რთულია, ადამიანმა აიტანო ამდენი განსაცდელი, ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი დამცირება, ქართველი ერის ღირსებების ფეხქვეშ ასე გათელვა. ამის ატანა მართლაც ძალიან ძნელია. ჩვენ უპირველესად, რა თქმა უნდა, ღმერთის იმედი გვაქვს, რომ უფალი მოგვხედავს, მოგვხედავს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედა, ვისი წილხვედრიცაა საქართველო. მათი იმედი გვაქვს, რომ ასე აღარ გაგრძელდება.. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ერთსულოვანნი ვიყოთ, გვიყვარდეს ჩევნი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო..თორემ, თუ ჩვენ სასულიერო პირნი ვიტყვით, რა თქმა უნდა ამას ძალა მიეცემა – ყველა იუდა, გამყიდველი, მოღალატე იუდასავით დაასრულებს თავის ცხოვრებას, ხოლო სამშობლოს, დედა ეკლესიის ერთგული ყველა ადამიანი დაცული იქნება ღმრთისაგან! უფალს შევთხოვ, მისი მფარველობის ქვეშ ამყოფოს ერთგული, თავდადებული ადამიანები..ჩვენ დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთსულოვნება, ერთგულება სამშობლოს და დედა ეკლესიის მიმართ……რა თქმა უნდა, მოთმინებით ძალიან ბევრი რამ უნდა მოვითმინოთ, მოთმინება ღვთიური ნიჭია, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს!.. წეტრილი უნდა დაესვას იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, ხდება მასმედიის საშუალებებით, ტელევიზიით, ინტერნეტით, ეს ერთგვარი გამოცდაა ქართველი ერისთვის და ეს გამოცდა ჩვენ სულიერებით უნდა ჩავაბაროთ! უნდა გვქონდეს ღმერთის დიდი იმედი, ღმერთს მინდობილნი უნდა ვიყოთ… დედა ღმრთისმშობელს შევავედროთ ჩვენი ქვეყანა, რადგან სწორედ იგია ჩვენი ერთად-ერთი პატრონი!..ეს არასოდეს დაგვავიწყდეს!…შევთხოვ უფალს, დედა ღმრთისმშობელს, რომ ინებოს ქართველი ერის ერთობა, ღმერთმა ინებოს, გვყავდეს ეკლესიური ხელისუფალი, ერისათვის თავდადებული და ეკლესიის პატრონი – აი, სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ერს და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ ლოცვით რა თქმა უნდა! შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვივლინოს ისეთი ხელისუფალი, რომელიც მშვიდობას დაამყარებს, ჩვენს ტერიტორიებს გააერთიანებს და ეკლესიას დაეპატრონება არა როგორც მომხმარებელი, არა როგორც მტარვალი, არამედ როგორც პატრონი, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რომელნიც ეკლესიებს მფარველობდნენ, ეკლესიებს აძლიერებდნენ, ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ! ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ლოცვები გავაძლიეროთ, რადგან დღეს ძალიან დიდი განსაცდელებია საქართველოში, დღეს ერს ძალიან უჭირს.ამიტომაც, ჩვენ, სამღვდელოება უნდა დავდგეთ ხალხთან, მთლიანად, მთელი ერის ნების გამომხატველი უნდა ვიყოთ.მე მჯერა, რომ ღვთის მადლით, ღვთის კურთხევით, საქართველოში დამყარდება მშვიდობა, საქართველო გაერთიანდება……ქართველებმა ფერეიდანში უძველესი დალოცვა შემოინახეს: “ღმერთს ებარებოდეო!”ეს საოცრად დიდი და ღრმა სიტყვებია, რადგან ღმერთს მიბარებული ადამიანი ყოველთვის მშვიდია, გაწონასწორებულია, ძლიერია! ამიტომ, ერთმანეთს ვუსურვოთ – “ღმერთს ებარებოდე!” ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი, ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ხოლო ის, ვინც არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ღმერთმა გამოასწოროს, ღმერთმა გაუხსნას გონება, რომ დაინახოს, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, ამის გარჩევა მხოლოდ სულიწმინდის მადლით შეიძლება.სულიწმინდის მადლი კი თავმდაბლობით, დედა ეკლესიისადმი მორჩილებით და იმ სწავლებებით უნდა მოვიპოვოთ, რასაც წმინდა მამები, ჩვენი დიდი წინაპრები გვასწავლიან. მოძღვრებმა სწორედ ეს უნდა გავითავისოთ, ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ და ამ წესით ცხოვრებისაკენ მოვუწოდოთ ქართველ ერს……მინდა, განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი ბავშვები – ვინც წელს ამთავრებს სკოლას.ისინი თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფებიან, რადგან სწორედ ახლა უნდა გააკეთონ არჩევანი და მინდა, მათ მოვუწოდო, რომ მათთვის ამოსავალი წერტილი იყოს უფალი და სამშობლო! მინდა, მათი სულიერი კლდე ისეთი მყარი იყოს, რომ ვერანაირმა ცხოვრებისეულმა ტალღამ ვერ შეარყიოს! უფალი და სამშობლო – ამ ორ უმთავრეს საწყისზე დააფუძნონ თავიანთი ცხოვრება, და თუ ეს ასე იქნება, მათზე გადმოვა მადლი და წყალობა ღმრთისა, მათი ცხოვრება სათნო იქნება უფლისთვის!ღმერთს ებარებოდეთ! ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო! ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.უფლის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედის და დღევანდელ წმინდანთა ლოცვა-კურთხევა ეწეოდეს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს!
მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)