ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი/Archbishop of Bodbe Jakob

  • Home
  • Georgia
  • Signagi
  • ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი/Archbishop of Bodbe Jakob

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი/Archbishop of Bodbe Jakob მეუფე იაკობის მხარდამჭერთა არაოფიცი?

ხზენება ღირსისა მამისა ჩვენისა სერაპიონ საკვირველთმოქმედისა (+1747)6 სექტემბერი ( 24 აგვისტო)ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმ...
05/09/2026

ხზენება ღირსისა მამისა ჩვენისა სერაპიონ საკვირველთმოქმედისა (+1747)

6 სექტემბერი ( 24 აგვისტო)
ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. „დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, - თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: „ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო“.

სხვა დროს ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: „ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ“. ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.

სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ დაკრძალეს ტაძრის შესასვლელში.

წყარო:
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“

ხსენება წმიდა მოწამისა ლუპესი (IV)5 სექტემბერი ( 23 აგვისტო)წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდ...
05/09/2026

ხსენება წმიდა მოწამისა ლუპესი (IV)

5 სექტემბერი ( 23 აგვისტო)

წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 26 ოქტომბერს) ერთგული მსახური იყო.

იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ).

წყარო:

„წმიდანთა ცხოვრება“

ხსენება წმიდა მოციქული თადეოზისა, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44)03 სექტემბერი ( 21აგვისტო)წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრ...
03/09/2026

ხსენება წმიდა მოციქული თადეოზისა, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44)

03 სექტემბერი ( 21აგვისტო)

წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა.

უფალმა იგი იმ სამოცდაათს შორის გამოარჩია, რომლებიც „წარავლინნა... ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად“ (ლკ. 10,1). იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ თადეოზი ქადაგებდა სირიასა და მესოპოტამიაში. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები.

გადმოცემით, როცა წმიდანი პირველად შესულა ავგაროზის ოთახში, მისი სახიდან გამომკრთალი არაამქვეყნიური ნათლით გაოცებული მთავარი წინ მიგებებია და მიწამდე უცია თაყვანი. კარისკაცებს კი, რომელთათვისაც ეს ბრწყინვალება დაუნახავი დარჩა, ვერ გაუგიათ, რატომ მიაგო მათმა ხელისუფალმა ასეთი პატივი ღატაკ მწირს. თადეოზის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან (მათ შესახებ ავგაროზი წერდა სირიის მეფე ნერსეს). ნეტარმა მოციქულმა ედესაში ეკლესია დააფუძნა.

ავგაროზს სურდა, იგი უხვად დაეჯილდოებინა, მაგრამ წმიდანმა საბოძვარზე უარი განაცხადა და სხვა ქალაქებს მიაშურა ქადაგებით. ბოლოს თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის ასაკში (ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი - მრავალგვარი წამების შემდეგ მას პიტაზის ოლქში მახვილით მოჰკვეთეს თავი 50 წლის 21 დეკემბერს).

წყარო:
„წმიდანთა ცხოვრება“

მარიამობაბოდბისხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი28.08. 2026 წელი.
28/08/2026

მარიამობა
ბოდბისხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი
28.08. 2026 წელი.

28/08/2026

მარიამობა
მეუფე იაკობის ქადაგება
ბოდბისხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი
28.08. 2026 წელი.

გილოცავთ მარიამობას-მიძინებას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა მარიამისა.28 (15) აგვისტოყოვლადწმინდა ქალწული დაუცადებლად ისწრ...
27/08/2026

გილოცავთ მარიამობას-მიძინებას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა მარიამისა.

28 (15) აგვისტო

ყოვლადწმინდა ქალწული დაუცადებლად ისწრაფოდა ცისკენ და ლოცულობდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხვიცისკროვნებით. როგორც ქვეყანაზე ქრისტეს სწავლების მთესველი, იგი ხედავდა, რომ ადამიანთა სულების წმინდა სამკალი უკვე დამწიფებული იყო: ეკლესიის დაარსება და მოწყობა აღსრულდა, ქრისტიანობა და მასთან ერთად ღვთისმშობლის დიდება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ეხლა კიდევ უფრო მხურვალედ ევედრებოდა თავის ძეს, რომ, რაც შეიძლება ჩქარა გადაესახლებინა იგი ზეცაში.

ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო.

ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ერ რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი.

როდესაც მოსალოდნელი ნეტარი მიძინების სასიხარულო ამბავი შეიტყო, მისი სახე ისეთი ზეციური სიხარულით ბრწყინავდა, რომ მისმა ღვთაებრივმა დიდებამ ყველა შეაძრწუნა.

ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. ის მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს. ბრძანა, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისათვის აუცილებელი იყო. იოანემ ყველაფერი დაუყოვნებვლივ აცნობა იაკობ მოციქულს - იოსებ დამწინდველის ძეს, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, რომელმაც ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში - ოთხივე მხარეს გაავრცელა.

ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ. როდესაც თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყობდნენ, რომ იგი ზეცაში უნდა გადასახლებულიყო, მწარედ ტიროდნენ და სახლს ხმამაღალი მოთქმით ავსებდნენ, ევედრებოდნენ ყოველთა ნუგეშინისმცემელს, რომ ობლად და უპატრონოდ არ დაეყარა ისინი. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

ყველა ღვთისმოსაობით უმზერდა მის სახეს და ისმენდა ის სიტყვებს, ამასთან, ღვთისმშობელს არ დავიწყებია თავისი მწირი ქონების და დაკრძალვის შესახებ ანდერძი დაეტოვებინა. მისი ორი შესამოსელი რჩებოდა ორ ღარიბ ქვრივს, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ. მას ყველა უყვარდა, განსაკუთებით კი ისინი, ვინც მის დახმარებას საჭიროებდა. თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ.

როდესაც იგი თავის სურვილებს იოანესა დ იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზედ შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმინდა დედის სურვილი აღასრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა წმინდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადსხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც იგი იმყოფებოდა. უფლის მხილველებსა და მოწაფეებს ებოძათ მადლი, რომ ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას დასწრებოდნენ. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ხარობდნენ და ვერაფრით გაეგოთ, რატომ მოხდა ეს სასწაული. იოანე ღვთისმეტყველი მათ მიეგება და აუწყა, რომ დადგა ღვთისმშობლის უფალთან წასვლის დღე.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხილვისას, რომელიც ნათელი მხიარულებით იყო სავსე, მათ ცრემლების დამალვა ვეღარ შესძლეს, საშინელი და საწყენი იყო გამოთხოვება დედასთან, რომელიც განსწავლიდა და ანუგეშებდა, რომელმაც მათი მეუფე და მასწავლებელი შეცვალა. როგორც გაეძლოთ ასეთი მარტოობისა და ობლობისათვის, ამქვეყნად როგორღა დარჩენილიყვნენ დედისა და წინამძღოლის გარეშე?!

მიმადლებულმა მარიამმა სთხოვა, რომ სიხარული ცრემლით არ დაემძიმებინათ, არამედ მასთან ერთად გაეხარათ: „მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან, ჩემს სხეულს გეთსიმანიაში გადაიტანთ, იქ დაკრძალავთ და თქვენზედ დაკისრებულ ქადაგებას განაგრძობთ, ხოლო, თუკი უფალი ინებებს, მიძინების შემდეგ ისევ მიხილავთ“. ამ დროს აქ იყვნენ პავლე მოციქული და მისი მოწაფეები: დიონისე არეოპაგელი, იეროთეოსი, ტიმოთე და სხვანი - სამოცდაათთაგანი. უფალმა შეკრიბა ისინი და აღირსა ენახათ ღვთისმშობელი, მისგან კურთხევა მიეღოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.

ყოვლადწმინდა ქალწული ყველას თავისთან უხმობდა, სახელებს ეძახდა, ყველას ეალერსებოდა რწმენისა და იმ შრომისათვის, ქრისტეს ქადაგებისას რომ გასწიეს. ანუგეშებდა და აიმედებდა, რომ ობლად არ მიატოვებდა ქვეყანას და შეისმენდა ყველას ლოცვას - ვინც კი მას მიმართავდა.

ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივებდა ყოველი მიწიერი დააბნელა.

ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა - თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას. თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით გახარებულმა მან წარმოსთქვა სიტყვები ღვთივსულიერი საგალობელისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. - სარეცელიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება:

„მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა“. ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა გაიმეორა თავისი ლოცვა: „მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა“. უფალმა დაამშვიდა იგი: ბნელი ძალა გველისა დათრგუნულია და თვით მოუწოდებს მას, რათა მიწიერიდან ზეციურ ცხოვრებაში თამამად გადავიდეს. მარადის ქალწულმა სიხარულით შესძახა: „მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“.

ის კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თვისი ძის ხელს გადასცა. ტკივილების გარეშე შვა იგი და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა - წმინდა სხეული განხრწნისაგან დაიცვა. მაშინ გაისმა ანგელოსთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში.

მოციქულები, რომლებიც ღირს იქმნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცად აღსვლა ეხილათ, თრთოლვით იდგნენ და ცას შესცქეროდნენ, როგორც ოდესღაც უმზერდნენ ამაღლებულ უფალს. ყოველივე მიწიერი დავიწყებოდათ - საკუთარი თავიც კი. როდესაც გონს მოეგნენ, შეხედეს ყოვლადწმინდა სხეულს და დაინახეს, რომ მისი სახე ზეციური ნათლით ბრწყინავდა, მისგან საოცარი კეთილსურნელება გამოდიოდა.

მოციქულთა დასმა სიყვარულით უგალობა მას: „ზეციურსა სავანესა შინა ძისა შენისასა შეწყნარებული ყოველ ჟამ ხარ ღვთისმშობელო, შეწევნად ერისა შენისა“.

და ცის სიმაღლიდან მოისმა ღვთისმშობლის ხმა, რომელიც კადნიერად მიმართავდა თავის ძესა და უფალს: „შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ“.

ყველა იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლადწმინდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა და მთავარანგელოსის გალობით განადიდებდნენ მას: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“. წმინდა მოციქულები მისი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ამქვეყნიურ განშორებას გლოვობდნენ, მაგრამ ნუგეშს სცემდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი სხეული.

იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი - წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ - სიონიდან გეთსიმანიამდე გალობით მიდიოდნენ; მსვლელობის პროცესში - თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს. ციდან ანგელოსთა გალობა ისმოდა.

ბევრმა ურწმუნო იუდეველმა მოისმინა არაჩვეულებრივი ხმები, ნახა საზეიმო მსვლელობა და ეს ამბავი მღვდელმთავრებსა და მოხუცებულებს აცნობა. ისინი ბრაზითა და შურით აღივსნენ, როდესაც ნახეს, როგორი პატივით მიაცილებდნენ მათ მიერ ჯვარცმული იესოს დედას. იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის გასაფანტად მეომართა რაზმი გაგზავნეს. უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ღვთისმშობლის სხეული კი დაეწვათ.

მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტმოქმედება. სხივცისკროვანი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით გარს შემოერტყა. მდევარს გალობისა და ნაბიჯის ხმა ესმოდა, მაგრამ სიბრმავით მოცული ვერაფერს ხედავდა. სიმჭიდროვისაგან ბევრმა მათგანმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებმა გზა დაკარგეს და გამყოლებს ეძებდნენ.

განსაკუთრებული კადნიერებით ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია იქცეოდა. მან საშინელი ღვთისმგმობი სიტყვები იკადრა ღვთისმშობლის სარეცელთან და მისი ძე, უფალი იესო ქრისტე აუგად მოიხსენია. ძველი შურითა და მტრობით გულადუღებული სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმინდა ცხედარი ძირს გადმოეგდო, მაგრამ როგორც კი ოდნავ შეეხო, ღვთის რისხვის მახვილით უფლის ანგელოსმა ორივე ხელი წარჰკვეთა. მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაცვივდა, თვითონ კი საშინელი გოდებით ძირს დავარდა.

საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა იგი. დანაშაული იგრძნო და მოციქულებს მიმართა: „შემიწყალეთ მე, მონანო ქრისტესნო!“ პეტრე მოციქულმა მსვლელობა შეაჩერა და ათონიას უთხრა: „შენი განკურნება ჩვენ არ ძალგვიძს, ყველაფერი მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც თქვენ ჯვარს აცვით: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ არც ის განგკურნავს, სანამ მთელი გულით არ ირწმუნებ და ბაგითაც არ აღიარებ, რომ იესო ჭეშმარიტი მესია და ძე ღვთისაა“.

მაშინ ათონიამ ხმამაღლა წამოსთქვა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მოციქულები და მორწმუნეები დაღუპული სულის ხსნამ მეტად გაახარა, ხოლო პეტრე მოციქულმა ათონიას უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისათვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გამთელდა და ათონია გამოჯანსაღდა. იდაყვების გასწვრივ მხოლოდ ძაფივით წვრილი წითელი ზოლები შერჩა. ათონია სარეცელის წინაშე დაემხო და თაყვანი სცა უფალ იესოს და მის ყოვლადწმინდა დედას, აქო და ადიდა იგი და მოციქულებს თან გაჰყვა.

ბევრმა იუდეველმა, როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, შეინანა და ღვთისმშობლის სარეცელს მიემთხვია, ისინი განიკურნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ. ადამიანთა მოდგმის გულმოწყალე დედამ, როგორც შობით მიანიჭა სიხარული მთელ ქვეყანას, არ ისურვა, რომ თავისი მიძინებით ვინმე დაემწუხრებინა, იგი ყველას შეწყნარებდა და მტერსაც კი სასოებას აძლევდა.

როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს და მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.

მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ისევე, როგორც ოდესღაც თავისი ეჭვით ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება დაამოწმა. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის.

მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი.

უძველესი გადმოცემის მიხედვით ქრისტეს აღდგომის შემდეგ ქრისტიანთა ტრაპეზზე უპირველესი ადგილი თავისუფალი რჩებოდა, ამ ადგილას ყოველთვის იყო პურის ნაჭერი, როგორც „წილი უფლისა“ - ქრისტეს პატივსაცემად და მოსახსენებლად. ტრაპეზის შემდეგ ყველა სათითაოდ აიღებდა ამ პურს, ყოვლადწმინდა სამების სახელს მოიხმობდა და ლოცვას ამგვარად ამთავრებდა: „უფალო, იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ“. ამის შემდეგ „ქრისტეს წილს“ დაანაწილებდნენ და იხმევდნენ მას, როგორც უფლისმიერ კურთხევას.

მოციქულები ამ წესს ყოველთვის ასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, მარტო ტრაპეზობდნენ ისინი თუ - სხვებთან ერთად.

ამგვარადვე მოიქცნენ საღამოს ტრაპეზზე - გეთსიმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი სულ ღვთისმშობელზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ და ვერ გაეგოთ, თუ რა დაემართა მის პატიოსან გვამს. ტრაპეზის ბოლოს, როდესაც „ქრისტეს წილი“ აიღეს და ყოვლადწმინდა სამებას განადიდებდნენ, უცებ ანგელოსთა გალობა გაისმა და ცის სივრცეში ყოვლადწმინდა ქალწული იხილეს, მან ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა და გამოუთქმელი დიდებით გაბრწყინებულმა, მიმართა მოციქულებს:

„გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“. გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა ერთად შესძახეს: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ“. ამგვარად წმინდა მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს ურყევი რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.

მოციქულებმა მწუხარეთა ნუგეშინისსაცემად და იქ არმყოფთა დასარწმუნებლად საფლავში დარჩენილი მანტია აიღეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და ძალიან მალე სახარების საქადაგებლად ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში კვლავ გამოჩნდნენ.

ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა - ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა;

შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შინარჩუნა. მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხნას მარადიული სიკვდილისაგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენა გვაძლევს ნუგეშად.

ღვთისშმობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15(28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი.

ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებს მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა. რომელი ჩვენგანი, ვინც ცხოვრების აღძრულ ზღვაში ვიტანჯებით, არ ვგრძნობთ, რომ ღვთისმშობელს ესმის ჩვენი გოდება, რა ჩქარა ისმენს იგი ჩვენსას, რა სწრაფად შეგვეწევა და გვანუგეშებს!

ღვთიმშობლის შუამდგომელად მოხმობა ქრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას, საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვის თავდება: „უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვაჲ ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი“. დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს:

„ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსენ ჩვენ - მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ“.

ტროპარი:

შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩვენთა.

კონდაკი:

მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოება, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ ვითარცა დედა ეგე ცხოვრებისა, ცხოვრებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშო მარადის ქალწულისა.

წმინდა გაბრიელ ბერის ლოცვა:  ,,ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ ...
26/08/2026

წმინდა გაბრიელ ბერის ლოცვა:

,,ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!”

ყოვლადუსამღვდელოეს წალკელ ეპისკოპოს მეუფე  გრიგოლს (კაცია) ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა...
26/08/2026

ყოვლადუსამღვდელოეს წალკელ ეპისკოპოს მეუფე გრიგოლს (კაცია) ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და უფლის წყალობას ჩვენი ერისა და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ.

მრავალჟამიერ მეუფეო!

მაღალყოვლადუსამღვდელოეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ  ჯანმ...
19/08/2026

მაღალყოვლადუსამღვდელოეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და უფლის შეწევნას ჩვენი ერისა და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ.
მრავალჟამიერ მეუფეო!

გილოცავთ ფერისცვალებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.19 (6 ) აგვისტოტროპარი:მთასა ზედა ფერი იცვალე, ...
18/08/2026

გილოცავთ ფერისცვალებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

19 (6 ) აგვისტო

ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

19(6) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2).

ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა.

და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა. XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი - კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას ქმნილებად, დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა. როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. ამ დავას გამოეხმაურნენ ათონელი ბერებიც, რომელნიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები.

მათ კონსტანტინეპოლში გაგზავნეს „ტომოსი“, რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღმრთაებრიობას, კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა. თეოდორე ხარანელი მოგვითხრობს რა უფლის ფერისცვალების შესახებ თავის ქადაგებაში, პარალელს ავლებს მაცხოვარსა და მოსეს შორის. როგორც ვიცით, სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს სახეც ისე ბრწყინავდა, რომ ისრაელიანებმა მასთან მისვლა ვერ გაბედეს (გამოსვლ. 34, 30).

წმიდა თეოფანე წერს: „გარნა, ხოლო მათგან ყოვლისა განსრულებისა მისისა იყო ბრყწინვალებაჲ მოსესი, რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა და შინაგან არ აქუნდა ბრწყინვალებაჲ, ხოლო ქრისტესი ბრწყინვალებაჲ ყოვლითვე სრულ იყო: ვითარცა - გარეშე. ეგრეცა - შინაგან. მის გამო იყო ბრწყინვალებაჲ იგი და მის თანავე იყო, რამეთუ არა სხუისგან მოიღო“. ღვთის ძალით, ხოლო მაცხოვრის ბრწყინვალება „შინაგანი“ მისთვის მოუცილებელი რეალობაა, რომელიც მას მარადიულად თან ახლავს.

თაბორის მთაზე უფალმა სულიერი თვალი აუხილა მოწაფეებს და მათაც იხილეს მისი დიდება იმდენად რამდენადაც ამ დიდების დატევნის შემძლებელნი იყვნენ, ანუ როგორც თეოდორე ხარენელი ამბობს: „არამედ რაიზომ შემძლებელნი იყვნეს, ეგრეით ეჩუენა“. იგივეს ვკითხულობთ ფერისცვალების დღესასწაულის ტროპარ-კონდაკშიც: „მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა“.

ეს ყოველივე ეხმიანება წმიდა დიონისე არეოპაგელის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ: „ღვთაებრივი ყველას ეცხადება მათი დატევნის უნარის მიხედვით, ღვთაებრივის გაგების უნარის მიხედვით“. გაგება-დატევნის უნარი კი შეესაბამება ცალკეული ადამიანის სულიერ განვითარებასა და რელიგიურ გამოცდილებას. სწორედ ამით აიხსნება ეს ფაქტი, რომ მაცხოვარმა თაბორზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და არა თორმეტი. რადგან თორმეტს შორის იყო იუდა. გამცემი და ღვთის მგმობელი, რომელიც არ იყო ღირსი ღმრთაებრივი ნათელის ხილვისა, რადგან მის გულში ჯოჯოხეთს დაესადგურებინა, იგი უკვე დათანხმებული იყო მაცხოვრის 30 ვერცხლად გაცემაზე. ამიტომაც უფლის დიდების მხილველნი პეტრე, იაკობი და იოანე არიან, რომელთაც შემდგომ თავის მხრივ უნდა განემტკიცებინათ და გაეძლიერებინათ სხვა მოციქულები მომავალი განსაცდელის ჟამს.

მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა, პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“.

პეტრეს სიტყვები: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ გამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან სასუფეველის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი. მაცხოვრისათვის თაბორი წინ უსწრებს გოლგოთას, ხოლო ქრისტიანისათვის გოლგოთა წინ უსწრებს თაბორს.

ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. იგია ძვირფასი გვირგვინი, რომლითაც უფალი სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულთ აჯილდოებს.

წყარო:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“.

Address

Bodbe Convent
Signagi
4200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი/Archbishop of Bodbe Jakob posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share