19/06/2026
🔲ფარისევლობა — სულის ფარული და მომაკვდინებელი სენია. სულიერი ხიბლი, რომელიც უპირატესად ეკლესიურ ადამიანებს ემუქრებათ, როდესაც გარეგნული ღვაწლი შინაგან განწმენდას სცილდება.
🔘 მკაცრად იცავ საეკლესიო ტიპიკონს, არ ტეხ მარხვას, თუმცა გულში იტევ ბოღმას, განიკითხავ მოყვასს და საკუთარი მუცლის მარხვით სხვის სულს „ჭამ“.
🔘 მექანიკურად ასრულებ კანონებს, კითხულობ დაუჯდომლებს, თუმცა შენი გული შორს არის ღვთისგან. ეს არის ლოცვა გონების შეუკრებლად, რომელზეც მამები ამბობენ, რომ უფლის შეურაცხყოფაა.
🔘 ევქარისტიულ მსახურებაზე დგახარ, მაგრამ ლოცვის ნაცვლად აკვირდები, ვის როგორ აცვია, ვინ როგორ იწერს პირჯვარს, ვინ როგორ ემთხვევა ხატებს და გულში ფარისეველივით ამბობ: „მადლობა შენ, უფალო, რომ მე მათნაირი არ ვარ“.
🔘 ეკლესიაში თავმდაბალი, მორჩილი და მშვიდი ხარ, მოძღვრის წინაშე კეთილკრძალული, ხოლო საკუთარ ოჯახში — მრისხანე და ამპარტავანი.
🔲 მაგრამ სახარებაში უფალი მოგვმართავს:
„არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს სასუფეველსა ცათასა... არასადა გიცოდით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მათე 7:21-23).
🔲 წმიდა იოანე ოქროპირი:
„რა სარგებელი აქვს მარხვას, თუკი შენი სული ამპარტავნებითაა აღვსილი? ნუ ზომავ მარხვას მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავებით. ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტებისგან განდგომა, ენის ლაგამმსხმელობა, გულისწყრომის დათრგუნვა, გულისთქმათა მოკვეთა და ცილისწამების შეწყვეტა“.
🔲 ღირსი იოანე კიბისაღმწერელი:
„ფარისეველი არის კეთილმსახურების ქურდი, რომელიც უფლის კუთვნილ დიდებას საკუთარ თავს მიაწერს. ვინც გარეგნულად იღვწის და შინაგანად ამპარტავნებს, ის ჰგავს ადამიანს, რომელსაც ხელში ცარიელი ნაჭუჭი უჭირავს და ჰგონია, რომ ნაყოფს ფლობს“.
🕊️ უფალი ჩვენგან „უცოდველობის“ ილუზიას კი არ ეძიებს, არამედ სინანულით განწმენდილ, ცოცხალ ტაძარს საკუთარ სულში.
დაე, ნუ დამკვიდრდება ჩვენს გულებში მზაკვარი ფარისევლის ამპარტავნება, არამედ ყოველმა ჩვენგანმა მოიპოვოს ძალა, რათა შინაგანად, მთელი არსებით მიემსგავსოს მეზვერეს და არა ფარისეველს — რათა სიმდაბლითა და გულწრფელი სინანულით განვწმინდოთ ტაძარი „საკუთარ სულში“.
ამინ! 🙏