14/04/2026
შემოქმედის ციხე
1819-1820 წლების იმერეთი-გურიის საეკლესიო აჯანყების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი იყო შემოქმედში პუზირევსკის მკვლელობა, შემდეგში კი შემოქმედის ციხის აღება და მისი აფეთქება, აჯანყების ჩახშობას გურიის სხვა ციხესიმაგრეების დანგრევა და ნახევარი გურიის გადაწვა მოყვა.
შემოქმედის გულანში ეს ამბავი ასეა ჩაწერილი - 1820 „წელს გენათელი და ქუთათელი რუსეთშიდ წაიყვანეს და შემოქმედს კუზურენცსკი მოკლეს და შემოქმედის ციხე მოსტეხეს და შემოქმედი მოსწვეს.“
ციხის აღებასთან დაკავშირებით ქველი ჩხატარაიშვილი წერს რუსები ციხის კედელს ზარბაზნებს 8-9 მეტრის დაშორებიდან ესროდნენ - "1820 წლის 24 ივლისს რუსების ჯარმა შემოქმედის ციხეს შეუტია. ციხეს ირგვლივ უღრანი წაბლნარი ერტყა. რუსთა რაზმმა მოულოდნელი მანევრის შემდეგ ტყიდან შეუტია ციხეს, მათი არტილერია 5 საჟენის დაშორებიდან ესროდა ციხის კედლებს. სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ (რუსებმა 66 კაცი დაკარგეს) ციხე აღებული იქნა, დამცველთა ნაწილმა გაქცევა მოასწრო, დარჩენილები კი რუსებმა ხიშტებზე ააგეს."
ჩხატარაშვილი შემოქმედის ციხესთან დაკავშირებით აღნიშნავს: „შემოქმედის ციხე გამოსახულია ალექსანდრე მეფის 1737 წლის რუქაზე, როგორც მისი საძირკველის ნაშთებიდან ჩანს, დიდი ზომის ციხესიმაგრე ყოფილა. ციხეს მაღალი გალავანი ჰქონდა, რომელშიაც მოქცეული იყო დიდი ფართობი, მონასტრის ახლანდელი ქვემო და ზემო ეზოები.
ციხეს ორი შესასვლელი ჰქონია ერთი დიდი ჭიშკარი დასავლეთიდან და მეორე - მცირე კარი სამხრეთით, სადაც ასვლა ჩამოსვლა მხოლოდ კიბით შეიძლებოდა. ციხე წაბლის უღრან ტყეში იდგა და თითქმის მიუვალი იყო სამი მხრიდან. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ხელახლა გაამაგრა და თავის რეზიდენციათ აქცია ქაიხოსრო გურიელმა. 1820 წელს რუსთა მიერ გურიაში აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ციხის კედლები ერმოლოვის ბრძანებით საძირკვლამდე დაანგრიეს, დარჩა მხოლოდ გალავნის მცირე ნაწილი, აღმოსავლეთისა და სამხრეთისაკენ კოშკების საფუძვლით. ციხეში მრავალი შენობა ყოფილა; ციხის ერთ-ერთ კოშკში ქაიხოსრო ბატონიშვილი ცხოვრობდა. შემოქმედის ციხე მთავრის საკუთრება იყო XVIII საუკუნის მიწურულამდე.“
ქველი ჩხატარაიშვილი გურიის სამთავრო (1959 წელი)
დიმიტრი ბაქრაძე - არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში (1987)
#კახაჩავლეშვილი