მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია/Saint Barbara church of Mtskheta

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია/Saint Barbara church of Mtskheta

მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია/Saint Barbara church of Mtskheta Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია/Saint Barbara church of Mtskheta, Religious Center, მცხეთა, ჭავჭავაძის ქუჩა, წმინდა ბარბარეს ეკლესია, Mzcheta.

მის უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ვულოცავთ ანგელოზის დღეს.  მრავალჟამიერ ❤️
22/05/2026

მის უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. მრავალჟამიერ ❤️

გილოცავთ ❤️
22/05/2026

გილოცავთ ❤️

აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087)

9 (22) მაისი

აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარში (1087).

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ლუკიის მხარის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულზე), შეძლებულ ოჯახში. მისი ღვთისმოშიში მშობლები დიდხანს ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი მიემადლებინა. ღმერთმა ისმინა თეოფანეს და ნონას თხოვნა და მისცა ვაჟი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.

წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით აღინიშნა. სარწმუნოებისათვის მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა.

325 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ნიკეის I საეკლესიო კრებაზე, სადაც მიღებულ იქნა სიმბოლო სარწმუნოებისა - მრწამსი. კრების სხვა 318 წმიდა მამასთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებას.

წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში დიდხანს უხრწნელად იყო დაცული მისი წმიდა ნაწილები.

XI საუკუნეში საბერძნეთის იმპერიას მძიმე ჟამი დაუდგა. თურქებმა დაარბიეს მისი სამფლობელოები მცირე აზიაში, გაძარცვეს ქალაქები და სოფლები, მოსრეს მოსახლეობა, შეურაცხყვეს წმიდა ტაძრები, წმიდანთა ნაწილები, ხატები, წიგნები. მაჰმადიანები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანთაგან პატივდებული ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილებიც.

ხალიფა პარონ ალ-რაშიდმა კუნძულ როდოსის გასაძარცვავად გაგზავნა თავდასხმის ფლოტის მეთაური ჰუმეიდი. ამ კუნძულზე შემდეგ ჰუმეიდი მირონ-ლუკიაში გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის საფლავის დარბევის მიზნით, მაგრამ შემთხვევით მის გვერდით მდებარე სამარხი შემუსრა. როგორც კი მკრეხელები გემზე ავიდნენ, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ყველა ხომალდი ჩაიძირა.

სიწმიდეების წაბილწვამ აღაშფოთა არა მარტო აღმოსავლელი, არამედ დასავლელი ქრისტიანებიც. ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდანის წმიდა ნაწილთა გამოხსნა.

1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მათ სურდათ, მობრუნებულზე იტალიაში წაესვენებინათ წმიდანის ნეშტი. მირონლუკიაში პირველნი ჩავიდნენ ბარელები. წინასწარ გაგზავნილმა ორმა კაცმა ამბავი მოიტანა, რომ ქალაქში სიწყნარე იყო, ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო უდიდესი სიწმიდე, მხოლოდ ოთხი ბერი ლოცულობდა. შეიარაღებული 47 კაცი გაემართა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისკენ. ბერებს არაფერში შეპარვიათ ეჭვი და მშვიდად მიუთითებს მოგზაურებს ფიცარნაგზე, რომლის ქვეშაც წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგი იყო დამალული. ერთ-ერთმა ბერმა მოსულებს მოუთხრო გამოცხადებაზე, რომელიც იმ დღეებში მოხდა. ერთ ბერს წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა და მოუწოდა, უფრო ფრთხილად დაეცვა მისი წმიდა ნაწილები. ვაჭრებმა მონაზვნებს თავიანთი გადაწყვეტილება განუცხადეს და გამოსასყიდად 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. დარაჯებმა ფულზე უარი განაცხადეს და თანაქალაქელების გასაფრთხილებლად გაიქცნენ, მაგრამ მისულებმა კარებთან დაიჭირეს ისინი, შეკრეს და დაანგრიეს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც სამარხი იყო. განსაკუთრებული გულმოდგინებით ჭაბუკი მათე საქმიანობდა. მოუთმენლობისაგან მან კუბოს სახურავი გატეხა და ბარელებმა ნახეს, რომ სარკოფაგი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. მღვდლებმა ლუპა და დროგომ ლიტია შეასრულეს. მათემ მირონით სავსე სარკოფაგიდან ამოასვენა წმიდა ნაწილები. ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს.

მღვდელმა დროგომ მოსასხამში შეახვია წმიდანის ნაწილები და მოწიწებით გადაასვენა ხომალდზე. საკვრელთაგან გათავისუფლებულმა ბერებმა ქალაქს შეატყობინეს სამწუხარო ამბავი, ხალხი მოეფინა სანაპიროს, მაგრამ გვიან იყო.

8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარს მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმიდა სტეფანეს ეკლესიაში. ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ აშენდა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა პაპმა ურბან II-მ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

გილოცავთ ❤️
21/05/2026

გილოცავთ ❤️

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

8 (21) მაისი

ტროპარი და კონდაკი

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე. ამინ.

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ.

პირველი - მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი - ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).

უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე.

სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა - მაშინ განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.

ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

ზურაბ ეკალაძე

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 21 (72), 2000 წ.

ხატწერა შოთა ცინცაძის

19/05/2026

ხუთშაბათს 21 მაისს, მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში აღევლინება საღმრთო მსახურება, რომელიც დაიწყება - 09:30სთ-ზე.

15/05/2026

ხვალ 16 მაისს, მცხეთის წმინდა ბარბარეს ტაძარში აღევლინება საღმრთო მსახურება, რომელიც დაიწყება - 09:30სთ-ზე.

აქსიოს! აქსიოს! აქსიოს! ❤️
12/05/2026

აქსიოს! აქსიოს! აქსიოს! ❤️

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი, შიო III

მრავალჟამიერ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

გილოცავთ ❤️
12/05/2026

გილოცავთ ❤️

დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა

29 (12.05) აპრილი

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს საქადაგებლად. ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად , მაგრამ რადგან მისი მიძინების ჟამი დგებოდა, მაცხოვარმა უთხრა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა იხმო ანდრია და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი აიღო, პირი დაიბანა და ფიცარი სახეზე მიიდო. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს იყო ღვთისმშობლის პირველი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში წამოიღო. მოციქული, საბერძნეთისა და მცირე აზიის გავლით, "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების".

გადმოცემის თანახმად, სოფელ დიდაჭარაში დღემდე არსებობს ტაძრის ნანგრევები, რომელიც თავად წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუგია. მაშინ მრავალი ადამიანი მოექცა. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. "დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა". წმინდა მოციქულმა გადაიარა ფერსათის მთა, იქ ჯვარი აღმართა და სოფელ აწყურში მივიდა, აქ მან სასწაული მოახდინა და ამ მხარის გამგებელს ერთადერთი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად. ღვთისმშობლის ხატის ძალით მოციქულმა კერპები დაამხო, აწყურში დააარსა ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა. წმინდა ანდრია იქ არ დარGენილა, გაემგზავრა კლარჯეთში, არტაან-კოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმიდან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და "დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე", იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ და იქ იქადაგეს ქრისტიანობა. შემდეგ მოციქული ჯიქეთში გაემგზავრა, სადაც არათუ მოუსმინეს მის ქადაგებას, არამედ მისი მოკვლაც კი განიზრახეს. წმინდა ანდრიამ დატოვა იქაურობა და სკვითთა ქვეყანას (დღევანდელი რუსეთის ტერიტორია) მიაშურა.

წყარო: http://karibche.ambebi.ge/…/7684-es-iyo-ghvthismshoblis…

ამონარიდი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმიდან:

"კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) მოხსენება ეკლესიის სამოციქულო-სამისიონერო მსახურების შესახებ საქართველოში.

მომხსენებელი ასევე შეეხო 12 მაისის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაც. კერძოდ, ითქვა, რომ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კურთხევით წარმოიგზავნა საქართველოში წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული, რომელმაც თან ჩამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდისა მარიამისა, როგორც ნიშანი ღმრთისმშობლის მობრძანებისა მის წილხვედრ ქვეყანაში და აუცილებელია ამ ფაქტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება.

წმიდა სინოდმა განაჩინა:

12 მაისი დადგინდეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ".

ფოტოზე: აწყურის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

გილოცავთ ❤️
12/05/2026

გილოცავთ ❤️

წმიდა და ყოვლადქებული მოციქული ანდრია პირველწოდებული, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელი (I)

29 (12.05) აპრილი

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.

გილოცავთ ❤️
06/05/2026

გილოცავთ ❤️

წმიდა დიდებული, დიდი მოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303)

23 (06.05) აპრილი

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.

ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.

წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის“. - „რა არის ჭეშმარიტება?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ“, - იყო პასუხი.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: „უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული“, - ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს,: შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.

ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.

მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე ცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.

მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: „უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი“.

მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, თვით იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.

იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: „ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს“.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისთვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა.

ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) - წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ამის შესახებ იხ. 10 (23) ნოემბრის საკითხავში).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

წმიდა დიდმოწამე გიორგის ცხოვრება, ღვაწლი, წამება და საკვირველებანი ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.orthodoxy.ge/tveni/aprili/giorgi.htm?fbclid=IwY2xjawRm3u9leHRuA2FlbQIxMABicmlkETFJbE1vVE83Q1NRaXR5M3Fpc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHuCxAvkL0ys0qI3kqjZne4T9gR6EyTcVrMFDSgBrtyG7iaSL62TCK4wMB_1D_aem_MYQNP_nsHyca2Yr6G0bNVQ

30/04/2026

შაბათს 2 მაისს, მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში აღევლინება საღმრთო მსახურება, რომელიც დაიწყება - 09:30სთ-ზე.

Address

მცხეთა, ჭავჭავაძის ქუჩა, წმინდა ბარბარეს ეკლესია
Mzcheta
0105

Telephone

+995597030501

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია/Saint Barbara church of Mtskheta posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share