09/10/2024
უფლის თორმეტ რჩეულ მოციქულს შორის იოანე ღვთისმეტყველი იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულებულა, არამედ მშვიდად მიიცვალა ეფესოში დაახლოებით ახ. წ. 110 წლის 26 სექტემბერს. ამიტომ ეკლესია მის ხსენებას ძველი სტილით 26 სექტემბერს (09 ოქტომბერს) აღასრულებს.
იოანეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მაცხოვრის რჩეულ მოწაფეთა შორის. ხშირად, იკონოგრაფიულად, იოანე მოციქული გამოისახება სულიერი სიმშვიდით აღსავსე დიდებული მოხუცი, ქალწულებრივად ნაზი ნაკვთებითა და ღრმა მზერით. იოანე მოციქულის სულიერი სახის მეორე, მთავარი დამახასიათებელი თვისება - სიყვარულია. სიყვარულით არის გამსჭვალული მთელი მისი შემოქმედება, რისთვისაც მას დამსახურებულად სიყვარულის მოციქული ეწოდა. სიყვარულის სამსახური არის იოანე ღვთისმეტყველის მთელი ცხოვრების გზა. წმინდა მახარებელი და ღვთისმეტყველი იოანე მთლიანად იყო მინდობილი ღმერთს და ჭეშმარიტად უყვარდა იგი. ამ სიყვარულს კი ღმერთმა ღვთაებრივი სიყვარული მიაგო: სხვა მოციქულებზე მეტად, მართლაც რომ აღმატებული სიყვარულის გამო, ღვთისშემეცნების მადლით ღმერთმა სწორედ იგი გააცისკროვნა.
იოანე გახლდათ გალილეველი მეთევზის, ზებედეს შვილი, ძმა იაკობ მოციქულისა. იოანე ღვთისმეტყველი, თავდაპირველად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ანდრია მოციქულთან ერთად, თან გაჰყვა მაცხოვარს. მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმინდისათვის უფალმა გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად, განსაკუთრებით დაიახლოვა.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის პიროვნება ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. თავად მისი ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ მოციქულის შემოქმედებისა და მოღვაწეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. იოანეს თეოლოგიური შემოქმედება მისი შექმნიდანვე დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მისი თეორიული მემკვიდრეობის შესახებ 20 საუკუნის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა სახის კვლევაა ჩატარებული. მიუხედავად ამისა, დღემდე იქმნება მისი შემოქმედების შესახებ ახალ-ახალი კვლევები.
უფლის ღვთაებრივი ბუნების წვდომაში წმ. იოანე გამოირჩევა გულისხმიერების სიღრმით. მიზეზი ის კეთილი მარცვალი უნდა ყოფილიყო, რომელიც მასში ქრისტეს რწმენისა და სიყვარულის სახით დაითესა. ხოლო წმინდა სულმა იგი უფრო მეტად გააღვივა. ამიერიდან წმ. იოანე იწყებს სამოციქულო მოღვაწეობას, რაც მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი გახდა მისი ცხოვრებისა. მოციქულებიდან იოანემ ყველაზე დიდხანს იცოცხლა და ბოლოს ბუნებრივი სიკვდილით, ტანჯვა-წამების გარეშე მიიცვალა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი, უფლისგან წინდაწინ გაცხადებული მოვლენის თვითმხილველი გახდა, კერძოდ ქალაქ იერუსალიმის დაცემისა და იუდეველების „მთელ სოფელში განთესვისა“, ასევე შეესწრო იმას, თუ როგორ იქადაგებოდა სახარება „მთელ სოფლად“ და იზრდებოდა ქრისტეს ეკლესია. მოციქულმა იხილა ღვარძლიც და ცხვრის ტყავში გახვეული მგლებიც, რომლებიც ხელს უშლიდნენ ჭეშმარიტების ქადაგებას, ცრუ სწავლა-მოძღვრებათა გავრცელებით, ამახინჯებდნენ ჭეშმარიტ ღმერთზე სწავლებას.
მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს და ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულითა და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს სიბოროტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს.
იოანეს ღვთისმეტყველება ჩვენთვის არის სწავლება და მინიშნება იმაზე, თუ რაში მდგომარეობს ღვთისმეტყველება, რომ იგი მაღალი ზნეობით, გულისა და გონების ვნებათაგან გაწმენდაა; ამის გარეშე ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება შეუძლებელია, ამიტომაც იოანეს ცხოვრება და სწავლება ჩვენთვის სამაგალითოა. ხშირად უნდა მივმართოთ მის სწავლებას იმისათვის, რომ ჩვენშიც გაღვივდეს კეთილი მარცვალი შემეცნებისა, უფლის უანგარო რწმენისა და სიყვარულისა, რაზედაც მთლიანად დამოკიდებულია ჩვენი გამოხსნა ბოროტისგან, წუთისოფლის მომხიბვლელი მარწუხებიდან და გონების დამაბნელებელი ფუჭი სიკეთეებისგან.
უფლის საყვარელი მოსწავლე, რომელიც განსაკუთრებულად ახლოს იყო მის გულთან და რომელიც მუდამ იყო განსაკუთრებული მოციქული, მძებნელი სიღრმისა და არსისა, რომლის სიმბოლოც არის არწივი, ფრინველი რომელიც ძალიან მაღლად ფრენს და ხედავს ყველაზე უკეთ. მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ რაც შეიძლება მეტად შეეტყო არსი უფლისა და სამყაროსი. იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში თავის თავზე ამბობს: „რომელი უყვარდა იესოს“. იგი მართლაც განსაკუთრებით უყვარდა მაცხოვარს. მაცხოვარი სულიერად ჭვრეტდა, ვინ ვინ იყო, ვინ როგორი სულის პატრონი და უწყოდა, რომ იოანე თავისი დიდი სიყვარულით
მუდამ მის გვერდით იქნებოდა. იგი მასთან იყო მაშინ, ოდეს გოლგოთაზე აჰქონდა ჯვარი
მაცხოვარს, მაშინაც როდესაც ჯვარს აცვეს იგი. შიშისაგან ჰურიათასა ყველამ დატოვა
მაცხოვარი და მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი დარჩა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და
მენელსაცხებლე დედებთან ერთად. მას არ ეშინოდა არც სიკვდილისა, არც განსაცდელისა,
არც წამებისა, რადგან განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ჰქონდა მაცხოვრის
მიმართ.
„ღმერთი სიყუარულია“ - წერს სახარებაში იოანე მახარებელი. მაშ, ყური ვუგდოთ ღვთის რჩეულს - შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა მივუახლოვდეთ უფლის არსს, შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიხარული და მარადისობის დღესასწაული - დღესასწაული სიყვარულისა!
წმინდა იოანე მახარებელი გეწეოდეთ, უფლისმიერ სიყვარულს დაევანოს ჩვენს გულებში. მისი წმიდა ლოცვით შეგვაძლებინოს ღვთიური სიბრძნითა და სიყვარულით განათლება და ცათა სასუფეველში დამკვიდრება, ამინ!
მღვდელმონაზონი ზენონი