ბათუმის ეკლესია ღიაა ყველასათვის.
იგი თანამედროვე ეკლესიაა უცვლელი გზავნილით.
გულითადად გეპატიჟებით ჩვენთან ეკლესიაში.
ვისურვებდით, რომ ყოველმა იპოვოს თავისი სულიერი სახლი და მოხარული ვიქნებით თუ ეს სულიერი სახლი თქვენთვის ჩვენი ეკლესია გახდება...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
ეკლესიის მოკლე ისტორია.
2002 წელს მწყემსმა ელგუჯა ინაიშვილმა და ია სურამელაშვილმა - მისმა მეუღლემ, მიიღეს მკაფიო ხელმძღვანელობა და მოწმობა ღვთისგან დაეწყოთ ეკლესიის წამოწევა ბათუმში, რომლის საფუძველშიც იყვნენ რამდენიმე მორწმუნე, რომელთაც 1998 წლიდან მოყოლებული ირწმუნეს უფალი იესო ქრისტე, სხვადასხვა მისიონერების მოღვაწეობის შედეგად.
2003 წლის ივნისში მწყემსი ელგუჯას მიერ ლოცვით და მარხვით იქნა გამოცხადებული ეკლესია, რომელიც იმ მომენტისთვის რამდენიმე მორწმუნისგან შედგებოდა.
მას შემდეგ ეკლესია მრავლდება, მტკიცდება და აქტიურად ახორციელებს თავის მოღვაწეობას.
კონფესიური კუთვნილება:
ბათუმის ეკლესია “საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიების” სულიერი ოჯახის ნაწილია და წარმოადგენს საერთო ქრისტიანული მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი) პროტესტანტულ შტოს.
იგი თავისი მოძღვრებით ეფუძნება სახარებისეული რწმენის მოძღვრებას.
მისი უზენაესი ავტორიტეტია ბიბლია _ ძველი და ახალი აღთქმა.
ეკლესია მთლიანად ეფუძნება სამოციქულო სწავლებას ეკლესიურ მოწყობაზე, მსახურებაზე, მის ხასიათზე და აქტიურადაა ჩართული სახარების გავრცელებაში.
ბათუმის ეკლესია პატივისცემითაა აღჭურვილი და თანაზიარების მარჯვენას უწვდის ყველა იმ ეკლესიას თუ კონფესიას, რომელიც აღიარებს წმინდა სამებას, სამოციქულო, ნიკეა-კონსტანტინოპოლის და ათანასისეული რწმენის სიმბოლოს.
ასევე კეთილგანწყობილია ყველა აღმსარებლობის მორწმუნის მიმართ, როგორც ღვთისა და საქართველოს შვილების მიმართ.
ეკლესია მუდამ ლოცულობს ხელისუფლებაზე (1 ტიმ. 2:1-3), ზრუნავს საქართველოს კეთილდღეობასა და მის მომავალზე.
ეკლესია რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ბათუმის ეკლესია“ (საინდეფიკაციო ნომერი 446959426)
ეკლესიის ცხოვრება მოიცავს თავისი საქმიანობის ფართო სპექტრს - საკვირაო მსახურებებს, ახალგაზრდულ მსახურებებს, საკვირაო სკოლას, საქველმოქმედო საქმიანობას, ბიბლიურ კურსებს, საოჯახო ეკლესიებს, სემინარებს, კონფერენციებს, ღვთის თაყვანისცემისა და ლოცვით მსახურებებს, ბანაკებს, მახარებლობას.
ბათუმის ეკლესია, როგორც საქართველოს საზოგადოების ნაწილი: ემორჩილება ქვეყნის კანონმდებლობას, პირნათლად ასრულებს თავის სამხედრო და სამოქალაქო ვალდებულებებს, გამოირჩევა კანონისადმი მორჩილებითა და არის ღვთიური ბუნების მატარებელი საზოგადოება.
მისი უმთავრესი დანიშნულებაა, აღასრულოს ქრისტეს დიადი დავალება კეთილი უწყების გავრცელებასთან დაკავშირებით, ასევე იყოს სინათლე და მარილი მთელი ერისთვის.