19/03/2026
🌙 რამადანი, დღე 29
ჩვენ ერთი თვის მანძილზე ვიმარხულეთ და ამით მოთმინების გამოცდა გავიარეთ. მარხვა ცდუნებებისა და მავნე მისწრაფებების წინააღმდეგ ძლიერი ზღუდეა. როგორც ყურანი გვასწავლის, მარხვა მორწმუნეს ღვთისმოსაობისკენ მიჰყავს და იცავს ყოველივე ცუდისგან.
“ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან.” (ყურანი, 2/183)
მოდით, მარხვით მოტანილი სულიერი წვრთნა და სულიერი ამაღლება შევინარჩუნოთ და ამ ყველაფრის ფასი ვიცოდეთ. საკუთარი ცდუნებები და მავნე მისწრაფებები მოვთოკოთ და გავაკონტროლოთ. ნუ ვიკადრებთ ტყუილის თქმას, ცილისწამებასა და ჭორაობას. ჩვენი ძვირფასი შუამავალიც ზუსტად ამას გვასწავლის: „სანამ მორწმუნე ტყუილის თქმასა და მოტყუებით საქმის კეთებას არ შეეშვება, ღმერთს მისი შიმშილი და წყურვილი არ სჭირდება“. (ბუჰარი, „სავმ“, 8)
გული გავიწმინდოთ ყოველგვარი შურის, ბოღმის, ეგოიზმის, სიძულვილისა და მტრობისაგან. გავაანალიზოთ ჩვენი ნაკლები და შევუდგეთ მის გამოსწორებას. როგორც ყურანშია ნაბრძენები: “წარმატებულია იგი ვინც გამოასწორა თავისი ნაკლი. და წააგო მან, ვინც დაფარა თავისი ნაკლი, და არ შეეცადა მის გამოსწორებას.” (ყურანი, 91/9-10)
ყველას მიმართ შემწყნარებლობა გამოვავლინოთ. ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გარემოს სიკეთით მოვეპყროთ. გონება ჭეშმარიტებას დავუკავშიროთ, გული კი სიყვარულსა და გულმოწყალებას.
რამადანი დანარჩენი თერთმეტი თვის სულთანია. ამ თვეში შესრულებული ღვთისმსახურებით ჩვენ კიდევ უფრო დავახლოვდით ალლაჰთან. ეს სიახლოვე არ უნდა დავკარგოთ.
ამიტომ, მოდით, შევინარჩუნოთ ეს სულიერი მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე ლოცვაში, სიკეთეში, მოთმინებასა და გულწრფელობაში.
ალლაჰი ბრძანებს: “ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წელში მოიხარეთ, სეჯდე აღასრულეთ და თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს და სიკეთე აკეთეთ, ეგებ შეიქნათ წარმატებულნი!” (ყურანი, 22/77)
🌙თუ რამადანს ჩვენს ყოველდღიურობაში გადავიტანთ, მაშინ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება რამადანი იქნება, ხოლო საიქიო დღესასწაული.🌙
ალლაჰმა მიიღოს ჩვენი მარხვა, მოგვიტევოს ცოდვები და დაგვამკვიდროს ჭეშმარიტ გზაზე.
ამინ🤲🏻