24/08/2026
"გვმართებს ყოველმხრივ უმახვილესად ვჭვრეტდეთ მტრის მანქანებას, მზაკვრობასა და ბოროტმოქმედებას, ვინაიდან ისევე როგორც პავლე მოციქულის პირით მეტყველი სულიწმინდა ყველას მიმართ ხდება ყველა, რომ შეიძინოს ყველა (I კორ. 9.22), ამგვარადვე, მაშასადამე, ბოროტებაც მთელი მონდომებით ხდება ყველა, რომ ეს ყველა წარწყმედისკენ წარგზავნოს მან, ვინაიდან, რა თქმა უნდა, თავს წარმოაჩენს იგი, ერთი მხრივ, როგორც თანამლოცველი მლოცველებთან, იმ მიზნით, რომ ლოცვის საბაბით ამპარტავნებაში ჩააგდოს ისინი²⁶¹⁹ და აცთუნოს, მეორე მხრივ კი — როგორც თანამმარხველი მმარხველებთან, სურს რა მათი შეცდენა მარხვისეული ქედმაღლობით. ამგვარადვე მოქმედებს იგი წერილის მცოდნეთა მიმართაც, სწადია რა მათი შემუსვრა სწორედ ცოდნის ნიღბით. ჩანს, რომ მსგავსი რამ შეემთხვევათ, აგრეთვე, იმათ, რომლებიც ღირსნი გახდნენ სინათლის გამოცხადებისა, ვინაიდან სატანა, როგორც მოციქული ამბობს, გარდაისახება სინათლის ანგელოზად (II კორ. 11.14), რომ აცთუნოს ადამიანი მსგავსი²⁶²⁰ სინათლის მოჩვენებითი წარმოსახვით²⁶²¹ და თავისკენ მიმართოს იგი. მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ამ სახით მრავალგვარდება იგი ყველას მიმართ და მიემსგავსება ყველას, რომ მსგავსის გამოყენებით დასძლიოს მავანი და სარწმუნოდ მისაჩნევი მიზეზით წარწყმედა განუკუთვნოს მას, ამიტომ ამბობს მოციქული: «ვამხობთ გულისფიქრებს და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი ღვთის ცოდნის წინააღმდეგ ამაღლებულა» (II კორ. 10.5). ნახე, თუ სანამდე განავრცობს თავის თავხედობას ეს ცუდმედიდი, სურს რა იმათი ქვე-დაკვეთებაც, რომლებსაც უკვე აქვთ ღვთიურობა ჭეშმარიტების შეცნობის შესაბამისად."
წმინდა მაკარი ეგვიპტელი
სქოლიოები:
2619. ე. ი. აფიქრებინოს მათ, რომ ძლიერი მლოცველები არიან.
2620. ე. ი. ჭეშმარიტი, ნამდვილი.
2621. «მოჩვენებითი წარმოსახვა» აქ გადმოსცემს δόκησις-ს.
წიგნიდან: „ფილოკალია“, III ტომი, გამომცემლობა „ახალი ივერონი“, გვ. 439, ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ.